ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა – კუპატაძის ფატალური შეცდომა

0
64

ბათუმის „დინამომ“, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი ჰქონდა, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბრატისლავას „სლოვანთან“ სტუმრად 0:0 ითამაშა, შინ მეტად დრამატულ ბრძოლაში 123-ე წუთზე გაშვებული გოლით წააგო. ამ შემთხვევაში მატჩის ანტიგმირი ლაზარე კუპატაძე აღმოჩნდა, რომელიც პირველი დაპირისპირების გმირი იყო. „დინამოს“ მარცხი მით უფრო სამწუხარო იმ ფონზე, რომ საქართველოს ჩემპიონი ორივე თამაშის მანძილზე მეტოქეს ხშირ შემთხვევაში სჯობდა და რომ არა ფატალური შეცდომა, მეორე ეტაპის საგზურს „სლოვანზე“ მეტად იმსახურებდა. თუმცა, როგორც იტყვიან ფეხბურთში მთავაი ტაბლოზე დაფისქირებული საბოლოო ანგარიშია.
ბათუმელებს დისკვალიფიკაციის გამო გუნდის კაპიტანი და ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე აკლდათ, ხოლო შემტევი ნახევარმცველი თორნიკე გაფრინდაშვილი პოლონეთის ლუბინის „ზაგლებიეში“ გადავიდა. გუნდს ჯაბა ჯიღაური დაუბრუნდა, რომელმაც სლოვაკეთში თამაში ტრავმის მიზეზით გამოტოვა.
„სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადირიმი ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში სამივე ქართველი ლეგიონერი დააყენა – მცველი გურამა კაშია, საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე. ეს უკანასკნელი ოფიციალურ შეხვედრაში ბრატისლაველთა სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა. აქვე გეტყვით, რომ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილ ქართველ ფეხბურთელ რევაზ ჩელებაძეს ბათუმის ახალი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარსკვლავი გაუხსნეს.
პირველ ტაიმთან შედარებით, რომელშიც საგოლე მომენტი არ შექმნილა, მატჩის მეორე ნახევარი გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა, დამატებით დროზე რომ არაფერი ვთქვათ.
შესვენების შემდეგ თამაშის განახლებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ზურიკო დავითაშვილმა მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და მეტოქის საჯარიმოს მისადგომიდან შორეულ კუთხეში ბურთი არაზუსტად გაგზავნა. 55-ე წუთზე დავითაშვილმა მეტოქის საჯარიმოში ვლადიმერ მამუჩაშვილი მოძებნა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და ბურთმა მას მერე რაც პაუშჩეკს შეეხო ძალა დაკარგა, რის გამო ჩოვანის იოლი ნადავლი გახდა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში დავითაშვილმა მარცხენა ფრთიდან შეუტია, ცენტრში შესული ორ მოწინააღმდეგ გაექცა და ბურთი შორეულ კუთხეში „მოჭრა“ – ჩოვანმა ნახტომში  თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა.
62-ე წუთზე ჩაკვეტაძე შეცვალეს, რადგან ინერტული იყო და არაფრით განორჩეულა. 68-ე წუთზე მამუჩაშვილმა სტუმარ ფეხბურთელს ბურთი მის მოედანზე აართვა და მარჯვნიდან საჯარიმოში შესულმა პასი ბრაზილიელ ფლამარიონს გაუკეთა, რომელმაც ქუსლით ხეირიანად ვერ დაარტყა. თუმცა, შეტევა გაგრძელდა და სანდრო ალთუნაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ ჯაბა ჯიღაურმა ახლოდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად სუსტად დაარტყა – ჩოვანმა დამაჯერებლად ითამაშა. ბრატისლაველთა საპასუხო შეტევის დროს, ბათუმელები დაცვაში ვერ გაერკვნენ, ხოლო მასპინძლების საჯარიმოში მყოფი ჟრმელის დარტყმული კუპატაძემ გაანეიტრალა.
75-ე წუთზე, ალთუნაშვილი ორიგინალური ფინტით პაუშჩეკს გაცდა და სლოვაკმა თავის საჯარიმოში „დინამოს“ ნახევარმცველი აშკარად წააქცია, მაგრამ მსაჯმა ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა. 85-ე წუთზე, „სლოვანის“ შეტევა ბათუმელთა საჯარიმოში გახსნილმა ვლადიმირ ვაისმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან უზუსტო დარტყმით დაასრულა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე დავითაშვილი ბრატისლაველთა საჯარიმოში ორ მცველს გაექცა და მარცხენა მახვილი კუთხიდან ძალიან სუსტად დაარტყა – ჩოვანს ბურთის დაჭერა არ გასჭირვებია, 93-ე წუთზე „დინამო“ გოლის გაშვებას აშკარად გადაურჩა, როდესაც მარჯვნიდან მედვედევის ჩაწოდების მერე უმეთვალყურეოდ დარჩენილმა საპონიჩმა თავით ძალიან კარგი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
101-ე წუთზე მამუჩაშვილმა მარჯვნიდან ჩააწოდა და „სლოვანის“ საჯარიმოში მდგომმა ჯიღაურმა ვარდნაში კარგად ვერ დაარტყა – ჩოვანს პრობლემა არ შექმნია. 104-ე წუთზე, მამუჩაშვილმა ქუსლით პასი დავითაშვილს გაუკეთა, რომელიც სლოვაკების საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა, სამ მოწინააღმდეგეს გაექცა და ძლიერი დარტყმით ჩოვანს ახლო კუთხეში გაუტანა. ანგარიშის გახსნიდან ერთ წუთში თავის გამოჩენა ჯიღაურს შეეძლო, რომელმაც „სლოვანის“ მეკარეს ვერ აჯობა.
მეორე დამატებითი ტაიმის დასაწყისში დავითაშვილმა მამუჩაშვილს უპასა, რომელმაც ძლიერად დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
115-ე წუთზე, ბათუმელთა საჯარიმოში ბურთი სომეხი ბარსეგიანმა მიიღო, რომლის დარტყმის მერე გიორგი რეხვიაშვილისგან „რეკოშეტით“ ანგარიში გათანაბრდა – 1:1. თუმცა, რაც მატჩის ბოლო წუთზე მოხდა, დინამოელები ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ. უმცროსმა ვლადიმირ ვაისი კუთხურის ჩასაწოდებლად მივიდა და იმით ისარგებლა, რომ კუპატაძე თანაგუნდელებს მითითებას აძლევდა, რის შემდეგ ბურთი პირდაპირ კარში გადაგზავნა – 1:2.
“სლოვანი” შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო ბათუმის “დინამო” ასპარეზობას კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე განაგრძობენ.
 დინამო“ (ბათუმი)სლოვანი“ (ბრატისლავა) 1:2 (0:0) (დ.დ.)
13 ივლისი. ბათუმ. „აჭარაბეთ არენა“.
„დინამო“ (ბათუმი):
კუპატაძე, ჩაბრაძე (ფალავანდიშვილი, 85), რეხვიაშვილი, აზაროვი (ნავალოვსკი, 106), აზაცკი, ტეიდი (ვაწაძე, 85), ალთუნაშვილი (რადინი, 113), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (ჯიღაური, 62), დავითაშვილი.
მთავარი მწვრთნელი:
გია გეგუჩაძე.
„სლოვანი“: ჩოვანი, პაუშჩეკი (რამირესი, 106), აბენა, კაშია, მედვედევი (გრინი, 114), კანკავა, კუცკა (მუსტაფიჩი, 114), ჩაკვეტაძე (ბარსეგიანი, 62), ჰოლმანი (საპონიჩი, 46), ვაისი, ჩავრიჩი (ჟმრალი, 67).
მთავარი მწვრთნელი:
ვლადიმირ ვაისი.
გოლები: 1:0 დავითაშვილი (104), 1:1 ბარსეგიანი (115), 1:2 ვაისი (120+3)
გაფრთხილება:
კუცკა (26), რეხვიაშვილი (70), ფალავანდიშვილი (100), ვაისი (113), დავითაშვილი (113). 
მთავარი მსაჯი:
 ანტონიო ნობრე (პორტუგალია).