„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს ნახევარმცველი სამუ კასტილეხო დაიმატა. 27 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
ის 2018 წლიდან „მილანში“ გამოდიოდა, რომელმაც „ვილიარეალიდან“ 21,3 მილიონ ევროდ შეიძინა. თუმცა, იტალიურმა კლუბმა და ფეხბურთელმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს, რის გამო, კასტილეხო ვალენსიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მისი გაშვებით მილანელებმა საკმაოდ სოლიდური სახელფასო თანხა დაზოგეს.
კასტილეხოს დამატების სურვილი „ვალენსიას“ ახალ მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს ჰქონდა, რომელსაც ესპანელთან „მილანში“ უმუშავია.
კასტილეხომ „როსონერის“ შემადგენლობაში 4 წლის განმავლობაში ყველა ტურნირში 113-ჯერ ითამაშა და 10 გოლი გაიტანა.