გიორგი მიქაძე: “საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი პრიზი მხოლოდ მე არ მეკუთვნის”

0
25

წყალტუბოს ,,სამგურალმა” ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის მზადება 11 ივლისს დაიწყო. სამშაბათიდან კი გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა. წყალტუბოელები საქართველოში ერთი კვირა ივარჯიშებენ და 20 ივლისს შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ერზრუმში გაემგზავრებიან. ,,სამგურალის” სამზადისისა და დაგეგმილი ამხანაგური მატჩების შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე კლუბის პრესსამსახურს ესაუბრა.
გიორგი მიქაძე: “ლოკომოტივთან” მე–20 ტურის შეხვედრის შემდეგ გუნდმა ერთი კვირა დაისვენა. ფეხბურთელებს მივეცით დავალებები, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალურად უნდა მომზადებულიყვნენ. სავარჯიშო პროცესი გუშინ განვაახლეთ. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, მხოლოდ ნიკიტა სიმდიანკინი გვაკლია, რომელიც მალე შემოგვიერთდება.
ერთი კვირა ადგილზე – წყალტუბოში მოვემზადებით.
18 ივლისს საგურამოში ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ თბილისის ,,ლოკომოტივთან”. 20 ივლისს დილით გავემგზავრებით ერზრუმში თურქულ შეკრებაზე. მთიანი მხარეა, ზამთრის საკურორტო ზონაა და ზაფხულისთვის იდეალური მოსამზადებელი ადგილია. შეკრებაზე სამი ამხანაგური თამაში გვაქვს დაგეგმილი თურქეთის სუპერლიგის გუნდებთან. ორი მეტოქე უკვე გარკვეულია. 23 ივლისს ,,გირესუნსპორს” დავუპირისპირდებით, 28 ივლისს ,,უმრანიესპორს” ვეთამაშებით. კიდევ ერთი მეტოქე თურქეთში გამგზავრებამდე გაირკვევა.
შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩს 31 ივლისს გავმართავთ და თამაშის შემდეგ საქართველოში დავბრუნდებით. ორი დღე დავისვენებთ და შემდეგ ,,ლოკომოტივი” 2– თან სათასო მატჩისთვის მოვემზადებით, რომელიც 7 აგვისტოს სტუმრად, საგურამოში გაიმართება. ვფიქრობ, თურქეთში ნაყოფიერი შეკრება გვექნება და განახლებულ სეზონს კარგ ფორმაში შევხვდებით”.
მოგეხსენებათ, ,,სამგურალმა” მეორე წრეში ყველაზე მეტი მატჩი (7) მოიგო, ყველაზე მეტი ქულა – 22 დააგროვა და ამ მაჩვენებლით ჩემპიონატის ლიდერ ბათუმის ,,დინამოსაც” კი გადაუსწრო. გარდა ამისა, ,,სამგურალს” მე–18 ტურამდე 11 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. 20 ტურის შემდეგ “სამგურალი” 36 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. ამდენად, გასაკვირი არ იყო, რომ ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გიორგი მიქაძე მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა და მას სპეციალური ჯილდო გადასცა. ,,სამგურალის” მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ კომენტარი გააკეთა.
გიორგი მიქაძე: “ასეთი ჯილდოები ჩვენთვის – მწვრთნელებისთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემია. ბედნიერი ვარ, რომ წყალტუბოს ,,სამგურალთან” ერთად ეს შევძელი და აღიარება მოვიპოვე. საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი პრიზი მხოლოდ მე არ მეკუთვნის. ეს ჯილდო მთლიანად გუნდისა და მისი სტაფის დამსახურებაა, ყველამ კარგად ვიმუშავეთ, განსაკუთრებით მეორე წრეში ძალიან ნაყოფიერი სამუშაო გავწიეთ და ჩემი აზრით, შედეგებიდან გამომდინარე ეს ჯილდო გვეკუთვნოდა კიდეც.
ჩემპიონატი გრძელდება, ჩვენ მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ. უკეთესის და უკეთესის მოლოდინში ვართ, რადგანაც ბიჭები უფრო მეტად შეთამაშდნენ, გარემოც მაქსიმალურად სპორტული და პროფესიონალურია. ერთმანეთის კარგად გვესმის, გუნდში ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი გარემოა, ყოველივე ეს შედეგებზეც აისახება. შემთხვევითობა არაა, რომ თამაშებს ვიგებთ და ლიდერთა შორის ვიმყოფებით”.
,იგეგმება თუ არა გუნდში ცვლილებები ?! – “რაც არ უნდა კარგი ფეხბურთელები გვყავდეს, ახალწვეულებზე, რომლებიც გაგვაძლიერებენ და მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან, უარს არ ვიტყვით. დავაკვირდებით რომელ პოზიციაზე უფრო დაგვჭირდება გაძლიერება და არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ფეხბურთელი კიდევ დავიმატოთ”.