გიორგი ჭელიძე: “გუნდში ჩემი რესურსი ამოვწურე “

0
47
“თელავის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ თანამდებობის დატოვების მიზეზი კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში განმარტა.
-გიორგი, საკმაოდ მოულოდნელი იყო თქვენი გადაწყვეტილება…
-ასე დავიწყებ: პირველ ყოვლისა, მადლობა საფეხბურთო კლუბ “თელავს”, რომ მომცა საშუალება მემუშავა უმაღლეს ლიგაში, რაც ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. პირველად, როცა გუნდის დირექტორმა სოსო გრიშიკაშვილმა დამირეკა და “თელავის” გაწვრთნა შემომთავაზა, ფაქტობრივად, მაშინვე დავთანხმდი და მუშაობასაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით შევუდექი. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ბევრი ფიქრის შემდეგ პირადად მივიღე, სხვა არავინ ჩარეულა, ფეხბურთია და ხდება – ცხადია, ვიცოდი, რომ კლუბისთვის ეს მოულოდნელი იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გუნდში ამოვწურე ჩემი რესურსი და “თელავისთვის” შედეგის მომტანი უკვე ვეღარ ვიქნებოდი.
და მაინც, უფრო დავკონკრეტდეთ: მიზეზი, რამაც გიბიძგათ ამ ნაბიჯის გადასადგმელად?
-როგორ გითხრათ, როცა ადამიანი აკეთებ საქმეს, ბუნებრივია, უნდა იყო მასზე კონცენტრირებული მაქსიმალურად, რაც შესვენებამდე ვფიქრობ, გავაკეთეთ მეც და ჩემმა სამწვრთნელო შტაბმა. ვფიქრობ, გულშემატკივარი უკეთ შეაფასებს, ყველაფერს. მე კი მინდა, ყველას დიდი მადლობა ვუთხრა გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. აქვე უღრმესი მადლობა გუნდის წევრებს, ბაზაზე მომუშავე პერსონალს – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამიჭირდა, მაგრამ გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ პირადად მივიღე, უბრალოდ, ვერ ვიქნებოდი მეტად გუნდისთვის შედეგის მომტანი.
-თქვენი მართლაც მოულოდნელი გადაწყვეტილება, ასევე ძალიან მოულოდნელი იყო კლუბის ხელმძღვანელებისთვის – ჩვენც, მთელი გუნდი იგივე მდგომარეობაში ვართ და ქომაგებსაც გული ძალიან დასწყდათ…
-ქომაგებით დავიწყებ, რომელთაგანაც ძალიან დიდი სითბო, სიყვარული მოდიოდა და ჩვენც ყველანაირად ვცდილობდით მათთვის ანალოგიურად გვეპასუხა ჩვენივე თამაშით და შედეგებით, მათი თითოეული ტაში და შეძახილები ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევდა და მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის.
რაც შეეხება კლუბის ხელმძღვანელობას, ვიცი, გულდაწყვეტილები იქნებიან და მერწმუნეთ, მეც იგივე მდგომარეობაში ვარ, უბრალოდ, ასე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა და მიმეღო ეს გადაწყვეტილება – ერთი ვიცი, საფეხბურთო კლუბი “თელავი” გიორგი ჭელიძით არც დაწყებულა და არც დამთავრდება, იმიტომ, რომ ამ გუნდს ისეთი მაგარი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომ დარწმუნებული ვარ, მის სასიკეთოდ არაფერს დაიშურებს.
-კეთილი. გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ და ჩვენც სხვა რა გზა გვაქვს, უნდა მივიღოთ ის, რა რეალობაც უკვე გვაქვს – ჩვენი გუნდი უღრმეს მადლობას გიხდით იმ გაწეული კოლოსალური სამუშაოსთვის, რაც თქვენ სკ “თელავის” წინსვლა-წარმატებისთვის გასწიეთ და სამომავლოთ ყოველივე საუკეთესოს და წინსვლა-წარმატებებს გისურვებთ…
-ბოლოსკენ ვიტყვი, რომ მართალია, გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ მჯერა, “თელავს” ახალი მთავარი მწვრთნელიც მალე ეყოლება და შევსებაც საკმაოდ კვალიფიციური მოთამაშეებითც ექნება – რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები გულით ვუსურვო “თელავს”, რადგან მოსვლასაც თავისი დრო აქვს და წასვლასაც: ყველას უღრმესი მადლობა.