გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში ევროსარბიელზე წარუმატებელი აღმოჩნდა. კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დინამომ“ ესტონეთის მასშტაბითაც კი არაფრით გამორჩეულ „პაიდეს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ უპირობო ფავირიტი იყო, დამარცხდა. არადა, მასპინძლები შეხვედრის მსვლელობისას ორჯერ იგებდნენ, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს.
შეხვედრის 22-ე წუთზე „დინამოს“ შეტევა მარჯვენა ფლანგზე ნიკა მალიმ დაიწყო, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი თორნიკე კირკიტაძე მოძებნა, ხოლო ამ უკანასკნელის პასის შემდეგ, დავით სხირტლაძემ ბურთი ერთი შეხებით გაიჩერა, მეორეთი ანგარიში გახსნა – 1:0.
26-ე წუთზე, ოსეი ბარნსის დაწყებული შეტევა კირკიტაძემ განავითარა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და კარის წინ მდგომმა ანრი მექვაბიშვილმა ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ მოარტყა, რითაც ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. ტაიმის მიწურულს მალიმ მარჯვენა ფრთიდან მეტოქის კარის შორეულ ძელთან ჩააწოდა, მაგრამ უსმანე კამარამ კუთხე ვერ „ჩაკეტა“.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში გიორგი მოისწრაფიშვილმა ესტონელთა საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი შორეულ კუთხეში „მოჭრა“ და გოლის გატანამდე ძალიან ცოტა დააკლდა. 58-ე წუთზე თამაშში კამარას ნაცვლად იმრანი ჩაერთო, რომელმაც „დინამოში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
59-ე წუთზე, სხირტლაძემ ქუსლით საუცხოო პასი მისცა ოსეი ბარნსს, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბურთი მიზანს მცირე მანძილით ააცილა. 61-ე წუთზე ბენიო თავის საჯარიმოდან ბურთის მოგერიებაც შეეცადა, მაგრამ საბოოლოოდ ფეხი ააცილა, ხოლო ლუტსიმ მარცხენა მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით პრიეტოს ახლო „ცხრიანში“ გაუტანა – 1:1.
65-ე წუთზე, „დინამომ“ ძალიან კარგი მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშა და იმრანის გადაცემის მერე, ესტონელთა საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილმა ლევან ხარაბაძემ ზედა კუთხეში ძლიერად „გაისროლა“ – 2:1. 68-ე წუთზე, იმრანმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს გამოზომილი გადაცემით „პაიდეს“ კართან სხირტლაძე მოძებნა, რომელმაც საგოლე შეტევა ვერ დაასრულა. 72-ე წუთზე, თბილისელთა კონტრშეტევის დროს ხარაბაძეს დუბლის გაფორმება შეეძლო, თუმცა საჯარიმოში მყოფმა ბურთი კარს ააცილა,
75-ე წუთზე, შეტევაში ჩართულმა ბენიომ ცუდად დაარტყა და სტუმრებმა კონტრშეტევა განავითარეს, რომელიც ლუტსმა დაასრულა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. დარჩენილ დროში მოედანზე მოვლენები როგორც განვითარდა, ალბათ, დინამოელები ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ.
მე-80 წუთზე სინგატე საჯარიმოში ერთ თბილისელ ფეხბურთელს გაცდა და ახლო კუთხეში დაარტყა – პრიეტომ ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულის შესრულების შემდეგ, მასპინძლებმა თავისი საჯარიმოდან ბურთი ვერ ამოიტანეს, ხოლო ლუტსმა ბურთი მკერდით გაისწორა და პასი სინგატეს მისცა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
88-ე წუთზე, ესტონელებმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი „დინამოს“ კართან ჩაკიდეს, სადაც შექმნილი არეულობით პიჰტმა ისარგებლა და ახლოდან ბურთი ადგილი პრიეტოს კარში მიუჩინა. “პაიდე” პირველი ესტონური გუნდია, რომელმაც ევროთასზე საქართველოში მატჩი მოიგო.
თამაშის დასრულების შემდეგ, „დინამოს“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები კლუბის ფანკლუბთან მივიდნენ და ცხადია, სასიამოვნოს ვერაფერს მოისმენდნენ.
„დინამო“ „პაიდესთან“ საპასუხო თამაშს 13 ივლისს ჩაატარებს.
„დინამო“ (თბილისი) – „პაიდე“ (ესტონეთი) 2:3
7 ივლისი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
„დინამო“ : პრიეტო; მალი, ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე, ოსიყმაშვილი (მოისწრაფიშვილი 46), მექვაბიშვილი; კირკიტაძე (კობოური 86), ბარნსი (ჩხეტიანი 86), კამარა (იმრანი 58); სხირტლაძე (ბილენკი 70)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
„პაიდე“: აკსალუ; ოიამაა, იუსიფი, კლავანი, სალისტე; სიმონი, მოოლი, ფროლოვი; ლუტსი (მოსნიკოვი 88), სააგი (სინგატე 58), ოვუსუ (პიჰტი 78)
მთავარი მწვრთნელი: კარელ ვოოლაიდი.
გოლები: 1:0 სხირტლაძე (22), 1:1 ლუტსი (61), 2:1 ხარაბაძე (65), 2:2 სინგატე (81), 2:3 პიჰტი (89)
გაფრთხილება: კალანდაძე (88)
მთავარი მსაჯი: მილოშ ბოშკოვიჩი (ჩერნოგორია).
ლაშა თაბაგარი
