თბილისის „საბურთალოს“ თავკაც ლაშა ნოზაძისთვის სამწვრთნელო კარიერაში ევროთასზე ჩატარებული პირველი მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა. კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საბურთალოელებმა ალბანეთის ტირანას „პარტიზანს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით წააგეს.
„საბურთალოს“ პირველი ტაიმი ურიგოდ არ ჩაუტარებია – ბურთს აკონტროლებდა და დროის უმეტეს ნაწილს მეტოქის ნახევარზე ატარებდა, ხოლო სტუმრები ძირითად აქცენტს დაცვაზე აკეთებდნენ. ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, შესვენბამდე თბილისელებმა სახიფათო მომენტი ვერ შექმნეს.
შესვენებაზე გორის სტადიონზე შუქი ჩაქრა, რაც ბოლო პერიოდში არაერთხელ მოხდა და ამიტომ, თამაში 15 წუთის დაგვიანებით განახლდა.
47-ე წუთზე, ჩადუნელმა თავის ნახევარზე არაზუსტი პასი გააკეთა და ალბანელებმა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან დაიწყეს, სადაც სკუკა ჯგერენაიას გაექცა და პასი კარის წინ მარტო მყოფ ცარას გაუკეთა, რომელმაც შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.
„საბურთალო“ საპასუხო თამაშს სტუმრად 13 ივლისს ჩაატარებს.
„საბურთალო“ (თბილისი) – „პარტიზანი“ (ტირანა) 0:1 (0:0)
7 ივლისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
„საბურთალო“: მეგრელიშვილი; ჩადუნელი, კაკუბავა, ჯგერენაია (შ. ნონიკაშვილი 55); გოჩოლეიშვილი, მიოცი (ო. მამაგეიშვილი 86), ქარდავა (გოშთელიანი 66), ტაბატაძე (გ. მამაგეიშვილი 87); გულიაშვილი, სიხარულიძე, ლ. ნონიკაშვილი (ჯინჯოლავა 66)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ნოზაძე.
„პარტიზანი“: ტეგია, ანასტასოვსკი, ბელიცა, ბიტრი, ცარა, ჰადროი, ჰოტი (ნდრეკა, 66), მასანგა მატონდო, მურატაი (ტელუში, 84), არაპაი, სკუკაკ (ცვეტანოვსკი, 74).
მთავარი მწვრთნელი: დრიტან მეჰმეთი.
გოლი: 0:1 ცარა (47)
გაფრთხილება: ტაბატაძე (63), სკუკა (68), ტეგია (90+1), ტელუში (90+6).
მთავარი მსაჯი: მოჰამედ ალ-ემარა (ფინეთი).
