ვლადიმირ ვაისი:”უბურთოდ ბევრი უნდა ვირბინოთ, ჩაკვეტაძე?…”

0
63

ვლადიმირ ვაისს ეიმედება, რომ მისი გუნდის ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამოსთან” საშინაო მატჩში წარმატების მისაღწევად უბურთოდ ბევრი უნდა ირბინონ. ბრატისლავას “სლოვანის” მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ხვალ სლოვაკეთის დედაქალაქში გასამართ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც ასევე მასპინძელთა ნახევარმცველი იურაი კუცკა დაესწრო.
ვლადიმირ ვაისი: “ამ დუელში უნდა გავიმარჯვოთ. ხარისხიანი მეტოქე გვყავს, რომელსაც ვიცნობ, მაგრამ ისინიც გვიცნობენ, რადგან საქართველოში ხუთი წელი ვიმუშავე. ბათუმის “დინამოში” მოქნილი ფეხბურთელები თამაშობენ, იციან რისი გაკეთება სურთ და ტონუსში არიან, რადგან საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ქართულ ფეხბურთს ფართო ნიჭიერება ახასიათებს, დინამიური ტექნიკით. ქართველები ბურთით სწრაფები და ძლიერები არიან, მოსწონთ შემტევი ფეხბურთი. ჩვენი ხვალინდელი მეტოქე ოთხი წლის წინ მეორე ლიგაში იყო, მაგრამ მას შემდეგ დიდი აღმასვლა განიცადა.
გარდა ამისა, მწვრთნელმა აარჩია ისეთი სტილის ფეხბურთელები, რომლებსაც იცნობს და იცის, მათგან რა უნდა მიიღოს.
თუმცა, მოედანზე სიარულს არც ჩვენ ვაპირებთ, მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია. უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ხარისხი, განსაკუთრებით ბევრი უბურთოდ ვირბინოთ. გვინდა, საპასუხო მატჩის წინ კარგი ვითარება შევიქმნათ.
მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გვქონია. ივნისში 8 ფეხბურთელი ნაკრებებში იყო წასული, სეზონის დასრულებისთანავე მე კორონავირუსი შემეყარა. იმედი მაქვს, რომ მატჩამდე უფრო კარგად მომზადებას მოვასწრებთ და ვიხილავთ გუნდს, რომელიც უფრო ახლოს იქნება ჩემს იდეებთან, თუნდაც, მე კმაყოფილი არასდროს ვიყო.
არ ვიცი, არის თუ არა ბათუმის “დინამოს” უპირატესობა ის, რომ საქართველოში სეზონი მიმდინარეობს და ჩვენთან არა. ვეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და ხარისხი ვაჩვენოთ. იმედი მაქვს, ახალწვეულები ხარისხით და გამოცდილებით დაგვეხმარებიან. მეტოქემ სეზონის ნახევარი განვლო, ყოველ კვირაში თამაშობს და კარგ ფორმაშია, ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებიც, რაც ძალიან მახარებს და ბედნიერი ვარ, მაგრამ ხვალ ჩემი მეგობრები ჩემი მეტოქეები იქნებიან. იმედი მაქვს, მატჩის შემდეგაც ისეთი კარგი ურთიერთობა გვექნება, როგორც ახლა გვაქვს, საბოლოოდ, საუკეთესო გუნდი მოიგებს.
ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელები კარგად მიცნობენ? ახლა ცოტათი განსხვავებულად ვმუშაობთ, ვიდრე საქართველოში ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, ჯიღაური, კობახიძე, დავითაშვილი მიცნობენ, ისევე, როგორც გია გეგუჩაძე, რომელიც ჩემს დროს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მუშაობდა, მაგრამ რა მოხდება მოედანზე წინასწარ ვერ ვიტყვი. ხვალ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით. ჩვენთვის ეს სეზონში პირველი ოფიციალური მატჩია, ასევე პირველად ვითამაშებთ ჩვენს სტადიონზე, მას მერე, რაც ახალი საფარი დააგეს, რადგან ყველა ამხანაგური მატჩი სტუმრად ჩავატარეთ. ვიმედოვნებ, რომ საპასუხო მატჩს კარგი შედეგით შევხვდებით. ჩაკვეტაძე? ხვალ ვნახავთ, ახლა არ ვიცი, რამდენ წუთს ითამაშებს”.
იურაი კუცკა: „მთავარი კარგი თამაშის ჩვენება და გამარჯვებაა. ველოდები, რომ ისინი ბურთით ძალიან სწრაფად ითამაშებენ. მათთვის ახლა სეზონის შუა ნაწილია და ჩვენგან განსხვავებით უფრო შეთამაშებული არიან. შეცდომები და ბურთის ზედმეტი დაკარგვა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, რომ კონტრშეტევებისთვის სივრცე არ მივცეთ”.
“სლოვანი” – “დინამოს” დაპირისპირება ბრატისლავაში თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.