„საბურთალომ“ სამი ქულა სამ წუთში დაკარგა

0
26

ლაშა ნოზაძის ხელმძღვანელობით „საბურთალოს“ ზედიზედ მესამე მატჩის მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ სტუმრად „გაგრასთან“ ჩატარებულ დრამატულ შეხვედრაში მხოლოდ ქულა აიღო.
მატჩის მე-7 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გიორგი გოჩოლეიშვილის ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ირაკლი სიხარულიძემ თავურით ანგარიში გახსნა – 0:1.
37-ე წუთზე, ივანე ხაბელაშვილმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი თბილისელთა კართან ჩაჰკიდა, სადაც გამოსვლაზე თორნიკე მეგრელიშვილი შეცდა და გიორგი ქობულაძემ საპასუხო ბურთი შეაგდო – 1:1.
48-ე წუთზე ხორვატმა ბენედიკ მიოჩმა კუთხური ჩააწოდა და შოთა ნონიკაშვილმა თავით სტუმრები დააწინაურა – 1:2. 58-ე წუთზე „საბურთალოს“ კონტრშეტევის დროს იური ტაბატაძემ მოწინააღმდეგის საჯარიმოში გიორგი გულიაშვილი მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 3:1. მატჩის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ გურამ გოშთელიანი გაგრელთა მეკარესთან პირისპირ გავიდა და ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა.
თითქოს „საბურთალოს“ სამი ქულა უპრობლემოდ უნდა მოეპოვებინა, თუმცა, მოვლენები სრულიად საპირისპიროდ განვითარდა. 87-ე წუთზე, თეიმურაზ შონიას გადაცემის შემდეგ „გაგრაში“ „დინამოდან“ განათხოვრებულმა ნიკა ლომინაძემ თავისი პირველი გოლი გაიტანა. 90-ე წუთზე ქობულაძის შორეული დარტყმის შემდეგ, თორნიკე მეგრელიშვილს ბურთი ხელიდან გაუვარდა და კართან ახლოს მყოფმა გიორგი ნიქაბაძემ თავით მასპინძლებს ქულა მოუტანა. მეგრელიშვილმა, რომელსაც კარიერაში საუკეთესო დღე ნამდვილად არ ჰქონდა, მომხდარი ძალიან განიცადა და მატჩის შემდეგ დასამშვიდებელი გახდა.
„საბურთალო“ 30 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, ხოლო გაგა კირკიტაძის თავკაცობით „გაგრამ“ 19 ქულა დააგროვა და მეცხრეა.