საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიაში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი რიგაში უკრაინასთან სათამაშოდ მიემგზავრება. 28 ივნისს, სპორტის სასახლეში გამართულ ვარჯიშზე ბერძენმა სპეციალისტმა ის 13 კალათბურთელი შეარჩია, რომლებიც უკრაინასთან სათამაშოდ 29 ივნისს, გამთენიისას ლატვიაში გაემგზავრებიან.
საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე 2 მატჩი დარჩა სათამაშო – უკრაინას რიგაში 1 ივლისს შეხვდება, ხოლო 4 ივლისს თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან ერთად მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური გარანტირებული აქვს, თუმცა ორივე შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე და გადამწყვეტ ეტაპზე ამ გუნდებთან დაგროვილი ქულები გადაჰყვება.
ჩვენი ნაკრები რიგაში 13 კალათბურთელით მიემგზავრება, რომელთაგან უკრაინასთან მატჩის განაცხადში 12 მოხვდება.