ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისს მოვალეობი შემსრულებელმა გეორგი ივანოვმა განაცხადა, რომ გუშინ თბილსში მომხდარი ავტოავარიის მიუხედავად, რომელშიც ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი დაშავდა, ხვალ მოედანზე გასვლა მაინც გადაწყვიტეს. მან ამის შესახებ ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის მე-4 ტურში საქართველოსთან მატჩამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გეორგი ივანოვი: “პირველ ყოვლისა გვინდა აღვნიშნოთ, რომ ცოტა არატრადიციულ ფორმატში ხდება თამაშის ჩატარება გუშინდელი ინციდენტიდან გამომდინარე. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ექიმების არა მარტო გუნდის, არამედ მთლიანად ბულგარეთის სახელით. მადლობას ვუხდი ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. უღრმესი მადლობა ყველას თანადგომისთვის. თითქმის 48 საათია უძინარი ვართ და დილამდე ყველა ჩვენს გვერდით იყო და გვეხმარებოდნენ. მადლობას ვუხდი საქართველოში ბულგარეთის საელჩოს.
რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში მთავარი ადამიანის ჯანმრთელობაა. ჩვენ ხვალ ვითამაშებთ, მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ და ახლა მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვართ აქცენტირებული. ნედელევის პატივსაცემად ვითამაშებთ და მთლიანად ბულგარეთის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ხვალ ვითამაშოთ.
ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მოედანზე გავიდეთ და ვითამაშოთ. ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები ძალიან კარგ ფორმაშია, ჩვენი გუნდი, განსაკუთრებით კი რამდენიმე მოთამაშე დასტრესილები და შოკურ მდგომარეობაში არიან. ხვალ არანაირად არ გველოდება მარტივი თამაში, მაგრამ ჩვენი ძალების მობილიზება გაკეთებული გვაქვს და ამიტომ, ვითამაშებთ.
საქართველოს ნაკრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი აქვს. ჩვენ შოკურ მდგომარეობაში ვართ, ვინაიდან საშინელი ფაქტის წინაშე დავდექით, როცა ვნახეთ ჩვენი ფეხბურთელი მთლიანად სისხლში იყო”.
ბისერ ბოჩევი (ბულგარეთის ნაკრების ექიმი): “ტოდორ ნედელევს ფრაგმენტული ამნეზია და თავიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, კლინიკაში იქნა გადაყვანილი და უღრმესი მადლობა ბატონ შოთა ინგოროყვას, რომელმაც სათანადო ოპერაცია გაუკეთა და მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ფეხბურთელი ამჟამად ადეკვატურია. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თავის ქალის დაზიანება აქვს და სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ მისი მდგომარეობა სტაბილურია. ოპერაციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა შემდეგი პროგნოზების გაკეთება.
გუშინ გადაწყვეტილება უნდა მოგვეღო სასწრაფო ოპერაციის შესახებ. გავესაუბრეთ მის მშობლებს, ოჯახის წევრებს და როდესაც მათი მხრიდან თანხმობა მივიღეთ, ოპერაცია ჩატარდა. მე პირადად ვიმყოფებოდი საოპერაციო ბლოკში და ვესწრებოდი. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო შოთა ინგოროყვას, მან ბრწყინვალედ ჩაატარა ეს ოპერაცია.
ვიმედოვნებთ, რომ ტოდორ ნედელევი მალე ისევ შემოგვიერთდება და ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს. ექიმები დააკვირდებიან მის სტაბილურ დინამიკას და გადაწყვეტენ, რა დრო დასჭირდება გამოსაჯანმრთელებლად. ამის შემდეგ ექიმებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იქნება შესაძლებელი, რომ ბულგარეთში დაბრუნდეს. ალბათ, დაახლოებით 3-4 თვეში შევძლებთ პროგნოზის გაკეთებას, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ამ გადმოსახედიდან, არ არის ისეთი სერიოზული ტრავმა, რომ კარიერის დასრულება მოუწიოს, მაგრამ მოედანზე დაბრუნების ზუსტი დროის განსაზღვრა ჯერ შეუძლებელია“.
საქართველო-ბულგარეთის მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.





