ვილი სანიოლი: “მჯერა, სასურველ შედეგს მივაღწევთ”

0
37

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს სჯერა, რომ მისი გუნდი ხვალ სასურველი შედეგს მიაღწევს. ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის მე-2 ტურში ხვალ რაზგრადში ბულგარეთთან გასამართ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც ასევე ოთარ კაკაბაძე დესწრო.
ვილი სანიოლი: „გუშინ მგზავრობის და აღდგენის დღე იყო. ძალიან სასიამოვნოა ერთა ლიგის გამარჯვებით დაწყება, თუმცა, როგორც იცით, ამ შეკრებაზე გუნდში 29 ფეხბურთელია და შესაბამისად, ხვალ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. მაქსიმალურად ვეცდებით ძალების განაწილებას, მაგრამ შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მივიღებ.
წიტაიშვილი საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან მოგეხსენებათ გიბრალტართან მატჩში ტრავმა მოიღო და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
აღდგენის პროცესი ძალიან კარგად წარიმართა. მხოლოდ წიტაიშვილი გვაკლია და მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბულგარეთში ამდენი გულშემატკივარი გამოგვყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი საქართველოსთან არც ისე ახლოსაა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენი ხალხის მხარდაჭერას ვიგრძნობთ.
რა თქმა უნდა, გვინდა შემტევი ფეხბურთის თამაში, მაგრამ ყველა მატჩში უნდა მოვერგოთ მეტოქის სტილს, მათ შესაძლებლობებს. ფაქტია, რომ ბულგარეთი გიბრალტართან შედარებით ბევრად ძლიერი გუნდია, თუმცა გადამწყვეტი იქნება ის, ჩვენ როგორ ვითამაშებთ და შევინარჩუნებთ თუ არა იმ ინტენსივობას, რომელიც გუნდში ბოლო 6 თვის განმავლობაში შევამჩნიე და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ამიტომ, მჯერა, რომ ხვალ სასურველ შედეგს მივაღწევთ.
სექტემბერში ბულგარეთთან ამხანაგური მატჩი გვქონდა, რა თქმა უნდა, მახსოვს ეს მატჩი, მსაჯის შეცდომებიც მახსოვს, მაგრამ ხვალ სულ სხვა თამაში იქნება. მეტოქისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, განსხვავებულად ითამაშებენ. ბულგარეთის ნაკრებიდან ვერცერთ ფეხბურთელს გამოვყოფ, ეს ნაკრები გუნდურად არის ძლიერი. ჩვენ არ ვიცით, როგორი შემადგენლობით ითამაშებს ბულგარეთი და არ იქნება მიზანშეწონილი, რომ მხოლოდ 1-2 ფეხბურთელი გამოვარჩიო. ჩვენ კონცენტრაციას საკუთარ თავზე მოვახდენთ და ვეცდებით ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ”.
ოთარ კაკაბაძე:”პირველ თამაში ჯგუფის ფავორიტთან არ გვითამაშია, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოვიდა და სტადიონი თითქმის გაივსო. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი გულშემატკივრების ყოფნა და იმედია, რომ სხვა გასვლით მატჩებზე მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. გუნდში ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და ყველაფერს ვეცდებით გულშემატკივრების გასახარებლად. გიბრალტართან მოედანზე კაპიტანი და ვიცეკაპიტანი არ იყვნენ და მომიწია კაპიტნობა. ვამაყობ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტნობა მერგო. ეს მართლაც ენით აღუწერელი გრძნობაა”.
ბულგარეთი – საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.