თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი “ანორთოსისი” მომავალ სეზონში ევროთასზე ვერ ითამაშებს. კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში ფამაგუსტელები შინ უშუალო კონკურენტ “არისს” შეხვდა და 0:3 წააგო.
სტუმრებიდან გიორგი ლორიას კარი პირველად 44-ე წუთზე იაგომ აიღო. 62-ე წუთზე სპოლიარიჩმა “არისი” კიდევ უფრო დააწინაურა, ხოლო შვიდ წუთში მან დუბლი შეასულა.
“ანორთოსისმ” 49 ქულით ზედა ექვსეულში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროთასის საგზურის გარეშე დარჩა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ლორიამ განვლილ სეზონში “ანორთოსისში” 31 მატჩი ჩაატარა. მისთვის “არისთან” დაპირისპირება “ანორთოსისის” მაისურით მე-100 აღმოჩნდა. ის მომავალ სეზონშიც ფამაგუსტელთა რიგებში ითამაშებს.






