„დილამ“ თამაში შემოატრიალა, „დინამოს“ ზედიზედ მესამე ფრე

0
43

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში გორის „დილამ“ „თელავი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, არადა, მასპინძლებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ორჯერ ჰქინდათ.
შეხვედრის დებიუტში მარცხნიდან ვაგნერ გინსალვესის ჩაწოდების შემდეგ, თამაზ მაქაცარიამ კარის ახლოდან ვერ გაიტანა. ტაიმის შუაწელში მაქაცარიამ ცრუ მოძრაობით თელაველთა კაპიტანი ანტონ თოლორდავა ჩამოიცილა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ლუკა სანიკიძემ ბურთი ნახტომში მოიგერია. 30-ე წუთზე ცოტნე კაპანაძემ ტრავმა მიიღო და სასწრაფო მანქანის დახმარებით კლინიკაში გადაიყვანეს. მას ტვინის შერყევა აქვს. გათამაშების რეგლამენტის თანახმად თამაში მანამდე არ განახლდებოდა, ვიდრე სტადიონზი სხვა რეანომობილი არ მივიდოდა. მართალია, ის თავის დროზე გამოჩნდა, მაგრამ სტადიონის შესასვლელში კერძო პირების ავტომანქანები იდგა და ამიტომ, სასწრაფო მანქანას ცდა 15 წუთი მიუწია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ მარჯვნიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა გურამ გოშთელიანმა პასი ელდარ პარკინაშვილ გაუკეთა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ხაზიდან ჯერ რევაზ ჩიტეიშვილმა მოიგერია,  ხოლო შემდეგ ამოს ნონდიმ.
62-ე წუთზე ლაშა ქოჩლაძემ კუთხური ჩააწოდა და ზურაბ თევზაძემ თავით ანგარიში გახსნა – 0:1. გაშვებული გოლიდან ორ წუთში თევზაძემ თავის საჯარიმოში იგერიებდა ბურთს, რომელიც მალელ ჰაჯი დრამეს მოხვდა და უცნაური ტრააექტორიით სანიკის კარის შორეულ ძელთან ჩაეშვა, სადაც მას ვაგნერი დახვდა და ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში გიორგი ლომთაძემ მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა გოლი არ ჩათვალა, რადგან ბურთი „თელავის“ კარის წინ თამაშგარე მდგომარეობაში მყოფ ვაგნერს შეეხო.

85-ე წუთზე, გორელთა კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ ქუსლით საუცხოო პასი მისცა მეტოქის საჯარიმოში შეჭრილ დრამეს, რომლის გამჭოლი გადაცემის შემდეგ სანიკიძემ ბურთი მოიგერია, მაგრამ კარის წინ მდგომმა მადინგამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა „დილამ“ 18 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპოონატში პირველ ადგილზეა. გიორგი ჭელიძის გაწვრთნილი „თელავი“ 10 ქულით მეხუთეა.
თბილისის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში ფრედ დაასრულა. ამჯერად, კახა ცხადაძის შეგირდებმა შინ წყალტუბოს „სამგურალს“ ვერ აჯობა, რომელსაც გიორგი მიქაძე უძღვება – 0:0. გასული სეზონიდან მოყოლებული „დინამოს“ ზედიზედ 5 შეხვედრაა „სამგურალისთვის“ არ მოუგია – 2 მარცხი და 3 ფრე.
„სიონმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და გუნდმა ქულები გაიყვეს – 1:1. აღსანშნავია, რომ ორივე ბურთი მასპინძელმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. მე-8 წუთზე ანგარიში ნიკა ხორხელმა გახსნა, ხოლო 43-ე წუთზე ვარლამ კილასონიამ ავტოგოლი მიითვალა. „ტორპედო“ 11 ქულით მე-4 ადგილზეა, „სიონი“ კი 6 ქულით მეცხრეა.