
„რომამ“ „ბოდო-გლიმტთან“ ნავსი გატეხა და მიმდინარე სეზონში 2 მარცხის, ასევე ერთი ფრის შემდეგ, ნორვეგიელებს მოუგო, რის წყალობით კონფერენს ლიგის 1/2-ფინალსი გავიდა. ჟოზე მოურინიო გაწვრთნილმა გუნდმა პირველი თამაში სტუმრად 1:2 წააგო, მაგრამ სახლში მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაიტანა და შემდეგ ეტაპზეა. სტუმართა კარი პირველმა მე-5 წუთზე ტეო აბრაჰამმა აიღო. ამის შემდეგ „ბოდო-გლიმტის“ კარში გოლები მხოლოდ ნიკოლო ძანიოლოს გაჰქონდა, რომელმაც თავი 23-ე, 29-ე და 49-ე წუთზე გამოიჩინა.
„რომა“ 1/2-ფინალში „ლესტერს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ორი შეხვედრის ჯამში პსვ-ს აჯობა. ლესტერში ჩატარებული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, მაგრამ ინგლისელებმა მეტოქე ნიდერლანდებში დაამარცხეს. პსვ 27-ე წუთზე ზახავიმ დააწინაურა, ხოლო 77-ე წუთზე ანგარიში მედისონმა გაათანაბრა. 88-ე წუთზე რიკარდო პერეირას გატანილმა გოლმა „ლესტერი“ მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
„ლესტერსა“ და „რომას“ შორის პირველი თამაში 28 აპრილს ინგლისში ჩატარდება, საპასუხო შეხვედრა კი 5 მაისს იტალიაში შედგება.
კონფერენს ლიგის 1/2-ფინალში ითამაშებს „მარსელი“, რომელმაც პაოკის ბარიერი გადალახა. ფრანგებმა პირველი შეხვედრა შინ 2:1 მოიგეს, ხოლო საბერძნეთში მეტოქე დიმიტრი პაიეს მიერ 34-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს.
„მარსელის“ მეტოქე „ფეინოორდია“. ნიდერლანდელებმა შინ პრაღის „სლავიასთან“ 3:3 ითამაშეს, მაგრამ სამაგიეროდ ჩეხებს სტუმრად 3:1 აჯობეს. პრაღაში გამართულ დაპირისპირებაში როტერდამელები დესერსმა მე-2 წუთზე დააწინაურა, ხოლო ტრაორემ მე-14 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 59-ე წუთზე იმავე დესერსმა დუბლი შეასრულა. მატჩში წერტილი 78-ე წუთზე სინისტერამ დასვა.
„ფეინოორდი“ „მარსელს“ 28 აპრილს მიიღებს, ხოლო მარსელში თამაში 5 მაისს ჩატარდება.




