გიორგი მინაშვილის წარუმატებელი დებიუტი „ლოკომოტივში“

0
32

თბილისის „ლოკომოტივს“ გიორგი მინაშვილი უხელმძღვანელებს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ბოლო მატჩში გორის „დილასთან“ (0:3) სათამაშოდ გუნდი სწორედ მან გაიყვანა,  „ლოკომოტივი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე მას მერე დარჩა, რაც გასული კვირის მიწურულს ლაშა ჭაღიაშვილი დაითხოვეს.
მანამდე, მინაშვილი „ლოკომოტივში“ აკადემიის ხელმძღვანელი იყო. აგრეთვე, ის თბილისის „დინამოსს“ აკადემიასაც უძღვებოდა. მას მთავარ მწვრთნელად ეროვნულ ლიგაში არ უმუშავია. მართალია, შეხვედრის ოფიციალურ ოქმში თბილისელთა მთავარ მწვრთნელად ალექსანდრე ინწკირველი იყო მითითებული, მაგრამ ეს იმის გამო, რომ მინაშვილს PRO ლიცენზია არ აქვს.
„ლოკომოტივი“ – „დილას“ მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში ანგარიში თავური დარტყმით სტუმართა კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ გახსნა. ამის შემდეგ, მარჯვენა ფლანგიდან თამაზ მაქაცარიამ პასი მეტოქის საჯარიმოში გააკეთა და წლების შემდეგ „ლოკომოტივში“ დაბრუნებულმა დაჩი ფოფხაძემ ბურთი თავის კარში ჩაჭრა. შეხვედრაში ლამაზი წერტილი ვაგნერ გონსალვესმა დასვა, რომელმაც ერთი მოძრაობით თბილისელთა მცველს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო, ხოლო შემდეგ მიწაზე დაუშვებლად მეკარისგან მარჯვენა „ცხრიანში“ ზუსტად დაარტყა/
„ლოკომოტივს“ მიმდინარე სეზონში ჯერ ქულა არ აუღია და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.