ქუთაისის „ტორპედომ“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეორე თამაში პირველად მოიგო. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ქუთაისელები „გაგრას“ ბორის პაიჭაძის სახელობი „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდნენ და სახლში 3 ქულით დაბრუნდნენ.
მე-7 წუთზე „ტორპედოს“ კონტრშეტევის დროს აკაკი შულაიამ მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და „ტორპედოს“ კაპიტანმა გიორგი კუხიანიძემ მას მერე რაც ლუკა ნოზაძეს დაასწრო, ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1. მან გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. ქუთაისელებს დისკვალიფიცირებული გია ცეცაძის ნაცვლად მისი ასისტენტი შოთა ბაბუნაშვილი უძღვებოდა. ცეცაძემ თამაშს თვალი ტრიბუნიდან კლუბის პრეზიდენტ დავით კერესელიძესთან ერთად ადევნა.
კუხიანიძესს 33-ე წუთზე დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, როდესაც შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
ტაიმის მიწურულს მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მათე ვაწაძემ კარში დაარტყა და ბურთი ხელში ნიკა სანდოხაძეს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
62-ე წუთზე თამაშში სოლომონ კვერკველია ჩაერთო, რომელსაც „გაგრაში“ და საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გაგრელთა შემადგენლობაში მინიმუმ 30 ივნისამდე ითამაშებს. თავის მხრივ „ტორპედოში“ პირველი თამაში ნახევარმცველმა ლევან არველაძემ ჩაატარა, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში უკრაინაში გამოდიოდა.
68-ე წუთზე, ცოტნე ნადარაიამ მარცხენა ფლანგიდან მასპინძლების საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც თორნიკე ახვლედიანმ მცველებსა და მეკარე აჯობა, რის შემდეგ თავით ზუსტად დაარტყა – 0:2.
83-ე წუთზე, მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა წითელი ბარათი აჩვენა გაგრელთა ბექა ქურდაძეს, რომელმაც კარიდან გამოსულმა თავისი საჯარიმოს ფარგლებს გარეთ ახვლედიანი წააქცია.
„ტორპედო“ 9 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო გაგა კირკიტაძის გაწვრთნილი „გაგრა“, რომელმაც მიჯრით მეორე მატჩი წააგო 7 ქულით მერვეა.




