მერაბ გიგაურმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. 21-ე ტურში „კეშლა“, რომელშიც ქართველი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „გაბალას“ შეხვდა და ქულა აიღო -1:1.
გიგაურმა ყოფილ გუნდთან შეუცვლელად ითამაშა და 32-ე წუთზე ანგარიში გახსნა – საჯარიმოს გარედან გარე ტერფით ბურთი მოჭრა და მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ გაახვია. ის „გაბალაში“ 2 სეზონი გამოდიოდა და „კეშლას“ ზაფხულში შეუერთდა. გიგაურმა გოლი არ აღნიშნა. გიგაურის მიერ გატანილი ბურთი„კეშლასთვის“ აზერბაიჯანის ჩემპიონატში მე-800 აღმოჩნდა.
„კეშლას“ მანმადე ჯერ „უნივერისტეტ ხაზარი“ ერქვა, ხოლო შემდეგ ბაქოს „ინტერი“. ეს გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონატში 1999 წლიდან გამოდის და ბაქოელებმა პირველი გოლი თანაქალაქელ „ნეფთჩისთან“ (2:3) გაიტანა.
მასპინძლებმა ანგარიში 47-ე წუთზე გაათანაბრეს. სტუმრებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს, რადგან 51-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს. „კეშლა“ 20 ქულით 8 გუნდში მეექვსეა.





