მექსიკისა და აშშ-ს ეროვნული ნაკრებები წელს ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპინატზე ითამაშებენ.
ჩრდილოეთ ამერიკის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში მექსიკამ სალვადორს 2:0 აჯობა და მეორე ადგილი დაიკავა. მექსიკელები მუნდიალზე ზედიზედ მერვედ ითამაშებენ, ხოლო საერთო ჯამში – მეჩვიდმეტედ.
აშშ-ს ნაკრები კოსტა რიკასთან 0:2 დამარცხდა და ორივე გუნდმა 25-25 ქულა დააგროვა, მაგრამ ამერიკელებმა დამატებითი მაჩვენებლების წყალობით მე-3 ადგილი დაიკავეს და ყატარში გაემგზავრებიან. აშშ მსოფლიო პირველობაზე მეთერთმეტედ იასპარეზებს. ბოლოს ამერიკელებმა მუნდიალზე 2014 წელს ითამაშეს.
კოსტა რიკის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფში ოკეანიის წარმომადგენელ ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 13 ან 14 ივნისს ჩატარდება.
ჩრდილოეთ ამერიკიდან ყატარის საგზური პირველმა კანადამ მოიპოვა, რომელმაც შესარჩევი ჯგუფი ნაადრევად მოიგო.






