საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მარტის სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში, მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ბოსნიასთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ტირანაში ალბანეთის ნაკრებს ესტუმრა და დაუმარცხებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა.
ვილი სანიოლი: “ესპანეთთან თამაშმა აჩვენა, რომ ალბანეთის ნაკრები კარგი გუნდია. კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. მათ შეინარჩუნეს დისციპლინა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ დადებითი დინამიკით გვამოძრავებს. ოთხი გამარჯვების შემდეგ, ფრედ ვითამაშეთ. მეოთხე მატჩია გოლი არ გაგვიშვია. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, თუმცა ეს იყო უკანასკნელი თამაში ერთა ლიგის დაწყებამდე. იმედი მაქვს, ჩემი ფეხბურთელები ჯანმრთელები და კარგ ფორმაში იქნებიან ამ ტურნირის დაწყებამდე.
როდესაც გარკვეული მოთამაშეების გარეშე კარგ შედეგს აღწევ, ეს ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელებს აქვთ რწმენა, რომ რამდენიმე ლიდერის არყოფნის შემთხვევაშიც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ჩვენთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის ხილვა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა გუნდს ასეთ ვითარებაზე.
ერთა ლიგაზე 10 დღეში ოთხ მატჩს გავმართავთ, რაც სიახლეა. ასე რომ, ჯანმრთელი და კარგ სპორტულ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დამჭირდება”.





