სალაჰი მუნდიალს მიღმა დარჩა, მანემ სენეგალი ყატარში წაიყვანა

0
60

სენეგალის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდა. მუნდიალზე მოსახვედრი პლეი ოფის პირველი მატჩი სენეგალმა სტუმრად ეგვიპტესთან 0:1 წააგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრის ძირითადი დრო იმავე ანგარიშით მოიგო, ხოლო დამატებითში გუნდებს გოლი არ გაუტანიათ.
პენალტების სერიაში სენეგალმა 3:1 გაიმარჯვა – ეგვიპტელმა სალაჰმა თავისი შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო სენეგალის ლიდერმა მანემ გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მან 6 თებერვალს გამართულ აფრიკის თასის ფინალში ეგვიპტეს ასევე გადამწყვეტი პენალტი გაუტანა.
აფრიკიდან მსოფლიო პირველობაზე აგრეთვე მაროკო და ტუნისი იასპარეზებენ. მაროკოელებმა ორი მატჩის ჯამში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებს (1:1, 4:1) აჯობეს, ხოლო ტუნისელებმა მალის (1:0, 0:0). ტუნისი და მაროკოც მუნდიალზე ზედიზედ მეორედ მოხვდნენ.
ყატარში გაემგზავრება კამერუნუს ეროვნული გუნდიც, რომელმაც ორი შეხვედრის ჯამში ალჟირს სძლია. პირველ შეხვედრაში ალჟირელებმა სტუმრად 1:0 გაიმარჯვეს. კამერუნმა საპასუხო თამაშის ძირითადი დრო იმავე ანგარიშით მოიგო. დამატებით დროში ალჟირელმა მცველმა აჰმედ ტუბამ სტუმართა კარი 118-ე წუთზე აიღო, ხოლო კამერუნელმა კარლ ტოკო-ეკამბიმ გოლი 124-ეზე გაიტანა და თავისი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა.