შავმა ლომმა’ თბილისის თასი 2026-ის მეორე შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკის თასის მფლობელსა და ქარი ქაფის ვიცე-ჩემპიონ ‘აირლინკ პუმასს’ ბოლო წუთზე გამათანაბრებელი ლელო გაუტანა, რომელიც ლუკა ცირეკიძემ გარდასახა და ჩვენმა გუნდმა დაძაბულ მატჩში 21:19 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ივნისის დასაწყისში, ‘შავმა ლომმა’ ამავე გუნდს ტოიოტა ჩელენჯზეც აჯობა, ოღონდ მაშინ თამაში უხვქულიანი გამოდგა და 46:36 დასრულდა.
პირველ ტურში ქარი ქაფის ჩემპიონ ‘სუზუკი გრიქასთან’ 15:21 ჩამორჩენის შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში ცხრა ცვლილება განახორციელეს. გუნდის სამწვრთნელო შტაბი ჩელენჯ თასის პირველი მატჩისთვის ოპტიმალური შემადგენლობის ძიების პროცესშია და მოსამზადებელ თამაშებში მუდმივი როტაცია ჩვეულებრივი მომენტია.
თამაშის მსვლელობისას ორივე გუნდის მხრიდან მრავლად იყო ტექნიკური წუნი, რის გამოც ხშირად ინიშნებოდა შერკინება. აქ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ‘შავი ლომი’ დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქე არაერთხელ დააჯარიმა, მაგრამ ‘პუმასი’ მოლში თავს კარგად იცავდა. ასე გაგრძელდა მე-20 წუთამდე, მერე კი მოლში ჩვენი უკანახაზელებიც ჩაერთვნენ და ვახტანგ ჯინჭარაძემ ანგარიში გახსნა, ცირეკიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
ამის შემდეგ ინიციატივა სამხრეთ აფრიკელების ხელში გადავიდა, რასაც ჩვენმა შეცდომებმაც შეუწყო ხელი და შესვენებამდე მათ ორი ლელოთი გვიპასუხეს, რომელთაგან ერთი გარდასახეს – 7:12.
მეორე ტაიმი 9 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ლუკა ტაბატაძემ ხაზი გაჭრა და 22-ში შევიდა, მაგრამ იქ კვლავ დავკარგეთ ბურთი. ანგარიში 58-ე წუთზე გავათანაბრეთ და ამჯერადაც მოლით ვიხეირეთ. ‘პუმასმა’ ჩვენი მიძალება კი შეაჩერა, თუმცა საქმეში ფორვარდები ჩაერთვნენ და მიზანს ოთარ გიორგაძემ უწია, ხოლო ცირეკიძემ უპირატესობა დაგვიბრუნა. ‘პუმასი’ ისევ გააქტიურდა, ერთ ეპიზოდში მათ ბურთი ლელოში ჩავუხურეთ, თუმცა 66-ე წუთზე ფრთა დაუცველი დაგვრჩა და კვლავ მდევრის როლში აღმოვჩნდით.
დასკვნით წუთებში მასპინძლებმა მაქსიმალურად მოინდომეს და 75-ე წუთზე, საკუთარი 22-დან დაწყებული კონტრშეტევა ლელოთიც დასრულდებოდა, რომ არა მცირედი წინთამაში მოედნის ცენტრში. სტუმრებმა მატჩის მიწურულს ჯარიმებს მოუხშირეს და სინბინით დაისაჯნენ, რასაც ‘შავი ლომის’ მორიგი შედეგიანი მოლი მოყვა. ამჯერად ლელო ირაკლი ქვათაძემ მიითვალა, ხოლო ცირეკიძემ გამარჯვების მომტანი გარდასახვა გაიტანა – 21:19.
მიხეილ ბაბუნაშვილი: „შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში მძიმე ფიზიკური თამაში გვქონდა, მეორეში კი ქარის უპირატესობა გამოვიყენეთ. 80 წუთი ბრძოლაში დავრჩით და საბოლოოდ მატჩში გარდატეხის შეტანა შევძელით. წინა სამი შეხვედრის შემდეგ, ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო და ღმერთისა და გულშემატკივრის დახმარებით მიზანს მივაღწიეთ. ვემზადებით ჩელენჯ თასისთვის და წინ კიდევ ერთი თამაში გვაქვს ‘ჩიტასთან’. ბოლო წლებში ამ გუნდს ხშირად ვხვდებით, გვაქვს როგორც მოგებები, ასევე წაგებები. ვფიქრობ, მასთანაც ფიზიკური შეხვედრა გველოდება“.
ლუკა ცირეკიძე: „რთული თამაში გამოდგა. ორივე ტაიმმა დაძაბულად ჩაიარა. გვქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლეთ და ბოლო წუთზე ლელო გავიტანეთ. რაც შეეხება გამარჯვების მომტან გარდასახვას, როგორც კი ბურთი სადგამზე გავასწორე, ყველა ფიქრი შევწყვიტე და დარტყმაც ზუსტი გამოვიდა. იმედი მაქვს მესამე თამაში უკეთესი გვექნება. გავაანალიზებთ ჩვენს შეცდომებს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და ვეცდებით ტურნირის ორი მოგებით დასრულებას“.
ევროპა – სამხრეთ აფრიკა 2:1
თბილისის თასი 2026-ის მეორე სათამაშო დღეს ევროპელების სასარგებლოდ დასრულდა. ‘შავი ლომის’ გარდა, სამხრეთ აფრიკელ მეტოქეს ესპანურმა ‘იბერიანსმაც’ სძლია, პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ კი ქარი ქაფის ჩემპიონთან ვერაფერს გახდა.
მეორე სათამაშო დღე ‘იბერიანსისა’ და ‘ტოიოტა ჩიტასის’ შეხვედრით გაიხსნა. ესპანელებმა შეძლეს თამაშზე კონტროლის დამყარება და ბევრისთვის მოულოდნელად, სამი ლელოთი და ორი გარდასახვით დაწინაურდნენ. ‘ჩიტასმა’ პირველ ტაიმში ერთი, მეორეში კი ორი ლელო გაქვითა და წონასწორობა აღადგინა, თუმცა ბოლო წუთზე დაჯარიმდა, ‘იბერიანსმა’ ეს ჯარიმა 3 ქულაში გარდასახა და 22:19 გაიმარჯვა.
დღის ბოლოს ‘სუზუკი გრიქასი’ ‘ლუზიტანუშს’ შეერკინა და ოთხი უპასუხო ლელოს შემდეგ 26:0 დაწინაურდა. პორტუგალიელებმა პირველ ტაიმში ორი, მეორეს დასაწყისში კი ერთი ლელო გაიტანეს და სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანეს. მაგრამ მერე ინიციატივა კვლავ სამხრეთ აფრიკელთა ხელში გავიდა და საბოლოოდ ‘გრიქასმა’ ბონუს-ქულით, 59:19 გაიმარჯვა.
თბილისის თასის დასკვნითი ტური 4 ოქტომბერს გაიმართება: 14 საათზე ‘პუმასი’ ‘ლუზიტანუშს’ ეთამაშება; 17 საათზე ‘გრიქასი’ ‘იბერიანსს’ შეხვდება; დღის ბოლოს კი, 20 საათზე, ‘შავი ლომი’ ‘ჩიტასს’ შეერკინება.
ტოიოტა ჩელენჯი. თბილისის თასი 2026
29 სექტემბერი. II რაუნდი
თბილისი. „ავჭალა“. 17:00 საათი
შავი ლომი (საქართველო) – აირლინკ პუმასი (სამხრეთ აფრიკა) 21:19 (7:12)
შავი ლომი
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. რომა მახათაძე, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;
შერკინება: 1. გიგა კობახიძე, 2. ვახტანგ ჯინჭარაძე, 3. ნიკოლოზ ნარმანია, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 20. მაიკლ ქარი, 21. ლეავასა პოტუ; 22. თემურ ძოძუაშვილი, 23. ლუკა თაყაიშვილი.
Top of Form
Bottom of Form
24 სექტემბერი
აირლინკ პუმასი (სამხრეთ აფრიკა) – იბერიანსი (ესპანეთი) 64:21
ტოიოტა ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) – ლუზიტანუში (პორტუგალია) 38:26
შავი ლომი (საქართველო) – სუზუკი გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) 15:21
29 სექტემბერი
ჩიტასი – იბერიანსი 19:22
შავი ლომი – პუმასი 21:19
გრიქასი – ლუზიტანუში 59:19
4 ოქტომბერი
პუმასი – ლუზიტანუში (14:00)
გრიქასი – იბერიანსი (17:00)
შავი ლომი – ჩიტასი (20:00)
- გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) – 9 (+46)
- პუმასი (სამხრეთ აფრიკა) – 6 (+41)
- ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) – 6 (+9)
- შავი ლომი (საქართველო) – 5 (-4)
- იბერიანსი (ესპანეთი) – 4 (-40)
ლუზიტანუში (პორტუგალია) – 1 (-52)
rugby.ge





