გიორგი აბურჯანიას მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგისთვის სრულყოფილად მოემზადა. მან ამის შესახებ ტირანაში ალბანეთთან 0:0 დამთავრებული შეხვედრის მერე ისაუბრა.
გიორგი აბურჯანია (საქართველოს ნაკრების წევრი): “ტრადიციულად, ალბანეთი საქართველოსთვის რთული მეტოქეა. მით უმეტეს, ამ ფორმაციის ალბანეთი, რომელიც ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, შეკრული გუნდია და კარგი ტესტ მატჩი გამოგვივიდა.ორივე ამხანაგური შეხვედრა პოზიტიურად უნდა შევაფასოთ. მწვრთნელმა დაინახა შეცდომები და ვფიქრობ, რომ ეს შეკრება წარმატებულად უნდა შეფასდეს. სრულყოფილად მოვემზადეთ ერთა ლიგისთვის.
მოგეხსენებათ, ერთა ლიგის კალენდარი ძალიან დატვირთულია და ბევრი ფეხბურთელი დაგვჭირდება ივნისში გასამართი თამაშებისთვის. ამ შეხვედრებმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. თუ შევასრულებთ მწვრთნელის დავალებებს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, შესაძლებელია კარგი შედეგის მიღწევა. ამას ბოლო ხუთი მატჩის შედეგი ადასტურებს. უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში კარი მშრალად შევინახეთ და ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია”.




