საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ უნგრულ „სომბათჰეის“ უმასპინძლა და 87:62 დაამარცხა. კუნძულელებმა საწყისი პერიოდი ორი ქულით წააგეს, მაგრამ შემდეგ თამაშის სადავეები ხელთ იგდეს და საბოლოო გამარჯვება არ გასჭირვებიათ.
სასტარტო ხუთეულში მყოფმა გიორგი შერმადინმა 20 წუთი ითამაშა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 8 ქულით, 4 მოხსნით და 3 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა.
„ტენერიფე“ L ჯგუფს ოთხი ტურის შემდეგ ოთხი გამარჯვებით ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 15 მარტს, სტუმრად ვილნიუსში „ლიეტუვოს რიტასის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.





