მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში პსჟ-ს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას აგებდა, საოცარი თამაშის წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მატჩის 39-ე წუთზე ნეიმარის პასის შემდეგ კილიან მბაპე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მიუხედავად იმისა, რომ წინ დავიდ ალაბა ედგა ტიბო კურტუას ახლო კუთხეში ზუსტადა დაურტყა – 0:1. გამომდინარე იქიდან, რომ პარიზელებმა პირველი თამაში 1:0 მოიგეს, მბაპეს გოლის შემდეგ ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ.
61-ე წუთზე პსჟ-ს მეკარე ჯიჯო დონარუმა თავის საჯარიმოდან ბურთის ამოტანას ცდილობდა და მას ხელს ქარიმ ბენზემა უშლიდა, საბოლოოდ იტალიელი შეცდა, რის შედეგად პასი ვინისიუს ჟუნიორის მისამართით გამოუვიდა, რომელმაც გადაცემა არ დაუგვიანა ბენზემას, ამ უკანასკნელმა კი საპასუხო ბურთი გაიტანა. ამ ეპიზოდში პარიზელებმა მიიჩნიეს, რომ ბენზემამ თამაშის წესი დაარღვია და იმავე მატჩის შემდეგ მათმა მთავარმა მწვრთნელმა მაურიოსიო პოჩეტინომ გაიმეორა.
76-ე წუთზე თავისი ნახევრდიდან გრძელი რეიდი ლუკა მოდრიჩმა განახორციელა და თავისი წამოწყებული კომბინაცია სტუმართა საჯარიმოში ბენზემას მისამართით გაკეთებული პასით დაასრულა, რომელმაც დუბლი მიითვალა.
78-ე წუთზე „რეალის“ მორიგი შეტევის დროს ვინისიუსთან ორთაბრძოლისას მარკინიოსმა ბურთი ძალიან ცუდად მოიგერია და ბენზემას ჩააბარა, ხოლო ფრანგმა ერთი შეხებით ჰეთ-თრიქი მიითვალა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „რეალი“ 1/4-ფინალში ითამაშებს.
34 წლის ბენზემა, რომელმაც “რეალის” სასტარტო შემადგენლობაში მე-500 მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა – თანამემამულე ოლივიე ჟირუს გაასწრო. მან 2015 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში სამი გოლი პირველად გაიტანა. მაშინ ქარიმმა შვედეთის “მალმიო” დაამწუხრა. ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელიც უგოლოდ მოედანს ზედიზედ 18 კალენდარული წლის განმავლობაში არ ტოვებს. აღსანიშნავია, რომ მან პსჟ-ს კარი სამჯერ 106 წამში აიღო.
ის ყველა ტურნირში გატანილი 411 გოლით ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის პირველ ადგილს ტიერი ანრისთან იყოფს.
“რეალის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში ბენზემა 309 გოლით (გაასწრო ალფრედო დის სტეფანოს 308 გოლი) მესამე ადგილზე გადავიდა – პირველზე კრიშტიანუ რონალდუა (450 გოლი), ხოლო მეორეზე რაული (323 გოლი).
მბაპემ პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირში 157 გოლი გაიტანა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაასწრო. იგი მხოლოდ ედინსონს კავანის ჩამორჩება რომლის ანგარიშზე 200 გოლია.
ლიონელ მესიმ ბოლო 15 წლის მანძილზე პირველად ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გოლი ვერ გაიტანა.





