ალბანელი სპორტსმენები არ მიიღებენ მონაწილეობას ტურნირებში რუს სპორტსმენებთან ერთად. ამის შესახებ განაცხადა ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლტა ჯაჩკამ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ალბანეთის საფეხბურთო ნაკრები არ აპირებს უეფა-ს ერთა ლიგაზე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს. მატჩები 2 და 13 ივნისსაა დანიშნული.
„სანამ არ დასრულდება უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, ალბანეთი არ მიიღებს მონაწილეობას იმ სპორტულ ტურნირებში, რომელშიც რუსეთი იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა სააგენტო AP-თან კომენტარში ჯაჩკამ.
ერთა ლიგის მეორე დივიზიონის B ჯგუფში ალბანეთთან და რუსეთთან ერთად უნდა ითამაშონ ისლანდიამ და ისრაელმა.
მანამდე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის პლეი ოფის შეხვედრებმა რუსებთან თამაში პოლონეთმა, შვეციამ და ჩეხეთმა იუარეს.





