გიორგი ჭელიძე: “მოკლე დროში რთულია შეთამაშება, თუმცა ჩვენსას ვეცდებით”

0
54
საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, მოსამზადებელ ეტაპზე მეოთხე ტესტ-მატჩი გამართა და დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში “სამტრედია” 2:1 დაამარცხა. “თელავიდან” გოლები გურამ გოშთელიანმა პენალტით და ბიძინა მახარობლიძემ გაიტანეს. “სამტრედიასთან” მატჩით  “თელავმა” მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და 26 თებერვალს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის I ტურში, თბილისის “ლოკომოტივს” სტუმრად დაუპირისპირდება.
“სამტრედიასთან” 2:1 შეხვედრა და ზოგადად ახალი სეზონისთვის გუნდის მზადების პროცესი თელაველთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ კლუბის პრესსამსახურთან შეაფასა.
გიორგი ჭელიძე: “დღევანდელ თამაშში, ბიჭებს რა დავალებაც ჰქონდათ, ის შეასრულეს, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზებიც – საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, მაგრამ ბევრი ფეხბურთელიდან უფრო მეტს ველოდები. რაც მთავარია, ბიჭები მცდელობას არ აკლებენ და ყველანაირად ცდილობენ, მიცემული დავალება მოედანზე გადაიტანონ”.
– მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ: “თელავის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნეთ და მზადებაც, თითქმის მაშინვე დავიწყეთ – ფაქტობრივად, ახალი გუნდი 20 იანვარს შეიკრიბა…

– დიახ, ასე გამოვიდა: სხვა გუნდებისგან განსხვავებით, მზადება მართლაც გვიან დავიწყეთ, ფაქტობრივად, ფორსმაჟორში მომიწია ყველაფრის გაკეთება და ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ერთმანეთის თანადგომით და ბიჭების თავდაუზოგავი შრომით, ახლა გუნდის სახე გვაქვს და ეს ძალიან მახარებს, აშკარად წინ მივიწევთ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალინ გვიან დავიწყეთ და მხოლოდ ეს მადარდებს, თუმცა ბიჭების იმედი მაქვს და მათი მაგრად მჯერა.
– გუნდში საკმაოდ იყვნენ გასინჯვაზე მყოფებიც და გვყავს, ახალწვეულებიც – კმაყოფილი ხართ?
– სიმართლე გითხრათ, თავს შევიკავებდი კომენტარის გაკეთებაზე, რადგან არ მინდა, ვინმეზე ცუდი ვთქვა ან კარგი, მაგრამ რაკი მკითხეთ, გეტყვით: პირდაპირი კაცი ვარ და ამ ეტაპზე მთლიანობაში გუნდის კმაყოფილი ვარ, ნამდვილად გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ გუნდს სარგებელი მოუტანონ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბიჭებს გაწეული სამუშაოსთვის, ძალიან მაგარი ბიჭები არიან და გახარებული ვარ, ასეთი შეკრული სიტუაცია რომ გვაქვს. მინდა, აგრეთვე მადლობა ვუთხრა კლუბის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც გუნდის გვერდითაა და საერთო წარმატებისთვის თავს არ ზოგავს
– მთლიანად მზადების პროცესზე რას იტყვით, გეგმის მიხედვით წარიმართა?
– გეგმის მიხედვით, ნამდვილად მივდივართ, უბრალოდ, ერთხელაც გავიმეორებ, კიდევ ორი კვირა რომ გვქონოდა, უკეთესი იქნებოდა. რას ვიზამთ, რეალობაა ახლა რაც გვაქვს და  შევეცდებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვუმატოთ. ფაქტობრივად, გზადაგზა დავიმატეთ ფეხბურთელები და მოკლე დროში რთულია შეთამაშება, ჩემპიონატიც კარს მოგვადგა, თუმცა ჩვენსას ვეცდებით ყველანაირად და ვნახოთ, რა გამოგვივა.
– წლევანდელი სეზონი, თქვენთვის ერთგვარი გამოწვევაა – მთავარი მწვრთნელის რანგში ეროვნული ლიგაში დებიუტი გექნებათ…
– პირველ ყოვლია, მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელებს ნდობისთვის და მჯერა, რომ ერთობით ნამდვილად ძლიერები ვიქნებით. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ნამდვილად გამოწვევაა, პირველია, ძალიან საინტერესოა და ხელმძღვანელებიც, გუნდიც და სტაფიც გვერდში მიდგას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით და თავდაუზოგავი შრომით, სასურველ შედეგს მივაღწევთ – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ყველამ უნდა ვითამაშოთ თელავისთვის და არა ჩვენი თავებისთვის
– და ბოლოს, “თელავს” ძალიან ერთგული და გვერდში მდგომი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა საკმაოდ მომთხოვნიც. ქომაგებს რას ეტყვით?
– დიახ, ვიცი, “თელავს” ძალიან მაგარი გულშემატკივრები ჰყავს და ქომაგებიც ზუსტად ის ხალხი არიან, ვისაც ყველაფრის რეალურად აღქმა და სწორი ანალიზის უნარი აქვთ. ცხადია, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გულშემატკივრები ჩვენი შრომით, თამაშით და შედეგებით გავახაროთ, ერთმანეთის გვერდში დგომით ხომ ყველას, ერთი მიზანი გვაქვს – “თელავი” იყოს ღირსეული და ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი.