“საბურთალო” სუპერთასზე მესამედ ითამაშებს

0
54

თბილისის “საბურთალო” 20 თებერვალს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის გათამაშებაზე ითამაშებს. მეტოქე ბათუმის “დინამო” იქნება, მატჩი კი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.
წლევანდელი სეზონი სწორედ ზემოთ ხსენებული გუნდების მონაწილეობით გაიხსნება – “საბურთალო”, როგორც დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი, ხოლო ბათუმის “დინამო” კი, როგორც ეროვნული ლიგის გამარჯვებული.
ორივე გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი თურქეთში გაიარა. ბათუმის “დინამო” და “საბურთალო” უკვე სამშობლოში არიან და ემზადებიან მოახლოებული შეხვედრისთვის.
თბილისელები ახალ სეზონს განსხვავებული შემადგენლობით ხვდებიან. ამიერიდან, გუნდში ითამაშებენ – ნოდარ იაშვილი, ნოდარ ქავთარაძე, ლაშა შინდაგორიძე, დავით უბილავა, ირაკლი სიხარულიძე, ბაქარ ქარდავა და გია ჩადუნელი.
არსებობის ისტორიაში “საბურთალოსთვის” ეს მესამე სუპერთასის მატჩი იქნება. პირველად თბილისელები 2019 წელს ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდნენ და 0:1 დამარცხდნენ. მომავალ წელს ამავე ანგარიშით თბილისის “დინამოს” დამარცხებით “საბურთალომ”  სუპერთასი პირველად მოიგო, მაშინ ერთადერთი გოლი გიორგი კოხრეიძემ პენალტით გაიტანა.
რაც შეეხება “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” სტატისკიკას – გუნდები 20 შეხვდნენ ერთმანეთს. 8 შემთხვევაში თბილისელებმა იმარჯვეს, 7 გამარჯვება აჭარლებს დარჩათ, ხოლო ხუთ მატჩში ფრე დაფიქსირდა.
20 თებერვალი. რამაზ შენგელიას სტადიონი. 18:00
სუპერთასის მატჩი
“დინამო” (ბთ) – “საბურთალო”(თბილისი)