ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ ავსტრიაში ადგილობრივ „ზალცბურგს“ დაუპირისპირდა და მატჩი 1:1 დასრულდა. მასპინძლები 21-ე წუთზე ადამუმ დააწინაურა, ხოლო ძირითადი დროის ბოლო წუთზე კინგსლი კომანმა საპასუხო ბურთი გაიტანა. „ბაიერნმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 3 მოიგო, 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად ზედიზედ 22 თამაშში არ დამარცხდნენ და თავისი რეკორდი გააუმჯობესეს. „ბაიერნმა“ ნახსენებ ტურნირში ჩატარებული 23 შეხვედრიდან პირველად ვერ მოიგო, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში რობერტ ლევანდოვსკი იყო.
მატჩის შემდეგ „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ფრე ლოგიკური შედეგი იყო:
„პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ბევრი ბურთი წავაგეთ მაშინ კი, როდესაც მეტოქე არცთუ ძლიერ პრესინგს გვეთამაშებოდა. გოლის გაშვებისგან თავის არიდება თავისუფლად შეგვეძლო. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ – დაცვაში ბევრს ვრისკავდით და ანგარიშის გათანაბრება დავომსახურეთ.
საინტერესო მატჩი გამოვიდა. ფრე აბსოლუტურად ლოგოკური შედეგია. ჩვენ პრესინგს ხშირად მივმართავდით და „ზალცბურგი“ მის ნახევარზე მივიმწყვდიეთ. რა თქმა უნდა, მოგება გვსურდა, მაგრამ როდესაც გოლს ასე გვიან იტან, ფრეს უნდა შეეგუო“.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მიუნხენში 8 მარტს ჩატარდება.





