გიორგი მიქაძე: “ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომა ძალიან მახარებს”

0
70
წყალტუბოს ,,სამგურალი” უკვე ხუთი დღეა ანტალიაში აგრძელებს სეზონისთვის მზადებას. 5 თებერვალს ჩვენმა გუნდმა პირველ ამხანაგურ შეხვედრაში რუმინული ,,მერკურეა ჩიუკი” დაამარცხა (2:1). აღნიშნული მატჩი და მოსამზადებელი ეტაპი ,,სამგურალის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ შეაფასა.
გიორგი მიქაძე: ,,როგორც წესი, ანთალიაში მოსამზადებლად ყველანაირი პირობაა შექმნილი. კარგ სასტუმროში ვართ, სავარჯიშო მოედნებიც კარგია, მშვენიერი საფეხბურთო გარემოა და საწვრთნელი პროცესიც გეგმის მიხედვით მნიმდინარეობს.
პირველ თამაშს რაც შეეხება, რუმინულ ,,მიერკურეა ჩიუკთან” გავიმარჯვეთ. მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ამ ეტაპზე გამარჯვებაზე მეტად ის უფრო მაინტერესებდა როგორ შეასრულებდა გუნდი ტაქტიკურ დავალებებს. კარგი სპარინგი გამოვიდა, ჩვენი გუნდის თამაშში იყო დადებითი ელემენტები, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი დეტალი გვაქვს დასახვეწი და იმედია ჩემპიონატის დაწყებამდე მოვასწრებთ სისუსტეების აღმოფხვრას.
არის გარკვეული პოზიციები, რომლითაც უკმაყოფილო ვარ, მაგრამ კარგია, რომ გუნდს გამარჯვებისკენ სწრაფვა აქვს. მართალია, ჩვენი მეტოქე რუმინეთის მეორე ლიგის გუნდი იყო, მაგრამ საკმაოდ კარგად თამაშობდნენ მაღალ სისწრაფეებზე. გვიზღუდავდნენ სივრცეებს და სწრაფად გადმოდიოდნენ შეტევაზე. ჩვენთვის მიუჩვეველია ასეთი ტიპის გუნდებთან თამაში, ალბათ, ცოტა მგზავრობის შემდეგ დაღლილობამაც იჩინა თავი და გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა.
ვეძებთ ოპტიმალურ სისტემას, რომელიც ჩვენს ფეხბურთელებზე იქნება მორგებული. ფიზიკური დატვირთვების შემდეგ ბუნებრივია, ცოტა ტაქტიკურ-ტექნიკური კუთხით პრობლემები აქვთ, მძიმედ არიან, თუმცა, იმედია, ყველაფერი მალე გამოსწორდება და მწყობრში ჩადგებიან. ზოგადად, ჩვენი ფეხბურთელების თამაშისადმი მიდგომა ძალიან მახარებს, ყველას გამარჯვება სწადია და ამისთვის ბოლომდე იხარჯებიან.
მეორე ამხანაგურ მატჩს ,,სამგურალი” 9 თებერვალს ვორონეჟის ,,ფაკელის” წინააღმდეგ გამართავს. გიორგი მიქაძემ მომავალი სპარინგის შესახებებაც ისაუბრა:
” ვორონეჟის “ფაკელი” გაცილებით ძლიერი გუნდია და მასთან უფრო რთული თამაში გვექნება. “ფაკელთან” მატჩში უკეთ დავინახავთ ჩვენს ხარვეზებს, რა გვექნება გამოსასწორებელი და შესაცველელი. სწორედ ამისთვის არის შეკრება, რომ კარგ გუნდებს ვეთამაშოთ და დავინახოთ, გუნდის როგორც კარგი მხარეები, ასევე სისუსტეები და მალევე მოვახერხოთ პრობლემების აღმოფხვრა.
,,სამგურალს” შეკრებაზე ორი ლეგიონერი შემოუერთდა, წყალტუბოელთა მთავარმა მწვრთნელმა მათ შესახებაც ისაუბრა:
,,ორი დღეა რაც შეკრებაზე შემოგვიერთდნენ სენეგალელი თავდამსხმელი ბაბაკარ ტანკარა და რუსი ფლანგის ნახევარმცველი ნიკიტა სინდიამკინი. ტანკარამ რუმინელებთან მატჩში გოლის გატანაც მაოხერხა, მაგრამ ეს გადამწყვეტი ფაქტორი არაა. ჩვენ გვინდა ისეთი ფეხბურთელები დავიმატოთ, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გაგვაძლიერებენ. ვნახოთ როგორ შეეწყობიან გუნდს, როგორ გაართმევენ თავს დავალებებს და ამის მიხედვით გადაწყდება დარჩებიან თუ არა გუნდში. თუ გაგვაძლიერებენ ძალიან გაგვიხარდება, საკმაოდ დიდი ამბიცია გვაქვს და გვინდა კარგი გუნდი გვყავდეს.
კარგი გუნდი კი ძლიერი ფეხბურთელების გარეშე ვერ ჩამოყალიბდება. რაც უფრო წინ წავალათ, მოთხოვნებიც გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ გუნდში მყოფი ფეხბურთელები ამ ტემპს ფეხს აუწყობენ, დროდადრო ცვლილებებიც იქნება, ეს ბუნებრივიცაა, სადაც მოთხოვნები იმატებს, იქ ახალი სისხლის საჭიროებაც ჩნდება. უნდა აღვნიშნო, რომ პიროვნულად ძალიან კარგი ბიჭები არიან, სწორად ესმით ფეხბურთი, საერთოდ არ მიჭირს მათთან კომუნუკაცია. ძალიან პროფესიონალური და კარგი ურთიერთობა გვაქვს, დანარჩენი მათზეა დამოკიდებული, ვინ როგორ იშრომებს და შეასრულებს დავალებებს. ვინ გაუძლებს მოსამზადებელი ეტაპის წნეხს, ჩემპიონატში ვინ უფრო გამოადგება გუნდს, შემადგენლობაც სწორედ ამის მიხედვით შეირჩევა”.