“საბურთალოში” ზამთარში ნოდარ იაშვილი დაბრუნდა, რომელიც 2014-2018 წლებშიც იცავდა დედაქალაქელთა ღირსებას. ამპლუით მცველი თბილისურ კლუბში ჯერ პირველი ლიგის, 2018 წელს კი ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. რა მოლოდინები აქვს და რა მიზნებით დაბრუნდა “საბურთალოში”, ამას უშუალოდ ფეხბურთელისგან გავიგებთ:
ნოდარ იაშვილი: “საბურთალოში” დაბრუნება სასიამოვნოა იმით, რომ ამ კლუბში დავიწყე პროფესიული კარიერა, ფეხბურთელად აქ ჩამოვყალიბდი. ბევრი კარგი მოგონებები მაკავშირებს. მიხარია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე და კვლავ “საბურთალოს” მაისურა მოვირგე, ამით ბედნიერი ვარ. გუნდთან ერთად ხუთი წელი გავატარე, ამ ხნის განმავლობაში ბევრი გამარჯვება და სიხარული მახსოვს – გავხდით, როგორც პირველი ლიგის, ასევე ეროვნული ლიგის გამარჯვებულები. ისეთი პატარა კლუბისთვის, როგორიც “საბურთალოა”, მაშინაც დიდი მიღწევა იყო. ვიცოდი სადაც მოვდიოდი – კარგი გარემო დამხვდა, შეკრული გუნდი, კვალიფიცირებული ფეხბურთლები”.
– შეთავაზებას მალე დათანხმდით?
– სიმართლე გითხრათ ბევრი არ მიფიქრია, რადგან ნაცნობ გარემოში ვბრუნდებოდი. “საბურთალო” ამბიციური გუნდია ყოველთვის და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ასეთ გუნდში თამაში კი ყოველთვის სასიამოვნოა. ყველაფერი შედეგებიდან ჩანს – “საბურთალო” სეზონს ტიტულის გარეშე არ ასრულებს, რაც პატარა ამბავი ნამდვილად არაა.
რა თქმა უნდა, იყო მთავარი მწვრთნელის ფაქტორიც – ლევან კორღალიძე ახალგაზრდა და პროგრესირებადი მწვრთნელია. ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა.
– წელს “საბურთალოსგან” რას ელოდებით?
– ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია, რაც გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არაა. სამეულისთვის ყოველთვის ბრძოლობს “საბურთალო”. წელს, ვფიქრობ რომ ჩემპიონობაც შეუძლია. გუნდში ძლიერი ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი. “საბურთალო” ყოველთვის ითვლებოდა პერსპექტიულ კლუბად. გუნდს აქვს თავისი აკადემია, რომელიც სისტემატურად იღებს შევსებას. ამავე დროს, გამოცდილი ფეხბურთელებიც თამაშობენ.
– ორ კვირაში სუპერთასის მატჩია. როგორი განწყობაა ბათუმის “დინამოსთან” დაპირისპირებამდე?
– მეტოქე ძლიერი გუნდია და პატივს ვცემ, თუმცა მჯერა რომ მოვიგებთ და სეზონს ტიტულით დავიწყებთ. გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა, ძირითადში ადგილი არავის აქვს გარანტირებული. ვარჯიშები მაღალ დონეზე მიმდინარეობს, საინტერესო საწვრთნელი პროცესი გვაქვს. ეს ყველაფერი მაძლევს იმის საფუძველს, რომ ასეთი მოლოდინი მქონდეს. ფსიქოლოგიურად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წარმატებული სტარტი.
– მართალია, ამპლუით მცველი ხართ, მაგრამ კარიერის განმავლობაში 3 გოლი გაქვთ გატანილი. აქედან, ერთი ბურთი “საბურთალოს” მაისურით. გახსოვთ ის გატანილი გოლი?
– რა თქმა უნდა, მახსოვს. ეს “საპოვნელასთან” მატჩში მოხდა. “მიხეილ მესხზე” ვთამაშობდით და 0:1 ვაგებდით. შემდეგ გავათანაბრეთ. ბოლოს ისე მოხდა, რომ გამარჯვების გოლი მარცხენა ფეხით გავიტანე. თავისთავად, კარგი შეგრძნებაა, როდესაც გოლს გაიტან და გუნდს მოაგებინა, მაგრამ არანაკლები შეგრძნებაა, როდესაც საგოლე გადაცემებს აკეთებ.
– ხშირად საუბრობენ, რომ საქართველსო ჩემპიონატში თამაში და გამარჯვება რთულია. ამ მოსაზრებას ეთანხმებით?
– იოლი მატჩი არსად არ გელის, გნებავთ გასვლით შეხვედრაში და გნებავთ საკუთარ კედლებში. ბრძოლის გარეშე, მაქსიმალურად მობილიზაციის გარეშე, რთულია 3 ქულის აღება. წელს, ვფიქრობ კიდევ უფრო დაძაბული პირველობა იქნება და ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძოლებს ჩემპიონობისთვის. ძალიან აკლია ჩვენს პირველობას გულშემატკივარი. იმედია, უფრო მეტი ქომაგი ივლის მომავალში სტადიონზე.
– ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
– ოჯახი! მათგან ყოველთვის ვგრძნობ გვერდში დგომასა და დახმარებას. შარშან, რთული წელი მქონდა. სწორედ, ჩემმა ოჯახმა გადამალახინა ეს არასასიამოვნო დრო. “საბურთალოს” გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ყველა მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯები. ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის განვითარებასა და წარმატებაში.





