წყალტუბოს ,,სამგურალმა” გუშინ თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩში რუმინული ,,მიერკურეა ჩიუკი” 2:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში ულამაზესი გოლი წყალტუბოელტა ნახევარმცველმა დემურ ჩიხლაძემგაიტანა.
მატჩის შემდეგ მან რუმინელებთან სპარინგის “სამგურალის” პრესსამსახურთან ინტერვიუში შეაფასა და სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა.
-თავდაპირველად მზადების შესახებ გვიამბე, როგორ მიმდინარეობს საწვრთნელი პროცესი, როგორი განწყობაა გუნდში?
-ანთალიაში მზადების მეორე ეტაპზე ვართ. როგორც ყოველთვის აქ ყველანაირი პირობაა, რომ გუნდი კარგად მოემზადოს. ვფიქრობ, პირველი ეტაპიც, რომელიც წყალტუბოში გავიარეთ, ნაყოფიერი გამოდგა. განსაკუთრებით, ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესების მხრივ. თურქულ შეკრებაზე კი ყურადღება უფრო მეტად ტექნიკა-ტაქტიკური ელემენტების გაუმჯობესებას ეთმობა. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და შესაბამისად, განწყობაც ამაღლებული გვაქვს.
-,,სამგურალს” არაერთი ახალწვეული ჰყავს, ახალ თანაგუნდელებს როგორ შეეწყვეთ?
-ერთმანეთს აქმდეც ვიცნობდით, ადრე სხვა გუნდებშიც გვითამაშია ერთად და მათთან ადაპტაცია და შეთამაშება არ გაგვჭირვებია. თუმცა ჯერ მოსამზადებელი ეტაპია, წინ ბევრი ამხანაგური თამაში გვაქვს და მოედანზე კიდევ უფრო უკეთ გავუგებთ ერთმანეთს.
-,,მიერკურეასთნ” ამხანაგურ მატჩზე რას იტყვით, როგორი მეტოქე იყო და რამდენად მნიშვნელოვანი იყო მოგება?
-ამხანაგური სტატუსის მიუხედავად მოგება ძალიან კარგია, რადგანაც მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს. ამავდროულად, აუცილებელია გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბება და ამ მხრივ, გუნდისთვის ნებისმიერი თამაშის მოგება მნიშვნელოვანია. გუშინდელ შეხვედრას რაც შეეხება, საკმაოდ კარგი მეტოქე გვყავდა, ფიზიკურად შესანიშნავად იყვნენ მომზადებული. კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტიც შევქმენით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი პოტემციალი გაგვაჩნია და ჩემპიონატს იდეალურ ფორმაში შევხვდებით.
-გასული სეზონის შემდეგ გუნდში შეიცვალა სამწვრთნელო შტაბი, რამდენად კომფორტულია მათი ხელმძღვანელობით მუშაობა?
-სამწვრთელო შტაბი ძალიან კვალიფიციური მწვრთნელებისგან შედგება. მიდგომაც და სათამაშო ფილოსოფიაც განსხვავებულია, რაც ძალიან მომწონს. სამუშაო პროცესი ისე კარგად და დადებითად მიმდინარეობს, აუცილებლად მოიტანს შედეგს.
-უკვე რამდენიმე წელიწადია ,,სამგურალში” თამაშობ, თქვენთვის რომელი იყო ყველაზე გამორჩეული სეზონი ?
-,,სამგურალში” 4 სეზონი მაქვს გატარებული და ყველა მათგანში გუნდმა რაღაც მიზანს მიაღწია. ალბათ, ყველაზე გამორჩეული 2020 წლის სეზონი იყო, როცა, უმაღლეს ლიგაში დავწინაურდით და თან თასის მოგებასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით… იმედი მაქვს, ყველაზე განსაკუთრებული სეზონი წინ გველოდება, ამისთვის გუნდის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს აკეთებენ, ფეხბურთელებიც ძალიან მოტივირებულები ვართ.
-როგორ ფიქრობ, შესწევს ჩვენს გუნდს უნარი კონკურენცია გაუწიოს ეროვნული ლიგის ფავორიტებს?
-ნებისმიერ მეტოქეს გავუწევთ კონკურენციას. ,,სამგურალი” იქნება გუნდი, რომელიც ყველა თამაშზე მოსაგებად გავა და მოწინააღმდეგებს სიურპრიზებს შესთავაზებს. მნიშვნელოვანია, გულშემატკივრების მხარდაჭერა, ჩვენ ერთად გაცილებით ძლიერები ვიქნებით და წარმატებისთვის ვიბრძოლებთ.





