შერმადინის ორმაგი დუბლი და გადამწყვეტი მატჩის მოლოდინი

0
58

გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლა გადაედო. ესპანურმა კლუბმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკვალიფიკაციო რაუნდის დაძლევა მართებს. მეტოქე თურქული “კარშიაკაა” და სერია ორ მოგებამდეა. ტენერიფელებმა პირველი მატჩი ერთი კვირის წინ ესპანეთში მოიგეს, სამშაბათს კი თურქეთში დამარცხდნენ და გადამწყვეტი მატჩი კვლავ კანარის კუნძულ ტენერიფეზე გაიმართება.
შეხვედრის საწყის სამ პერიოდში უპირატესობას ესპანელები ფლობდნენ, თუმცა ადგილობრივი გულშემატკივრებით გაგულისებულმა და ამერიკელი კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა „კარშიაკამ“ ბოლო პერიოდში მაღალი შედეგიანობა უჩვენა და ათწუთეული 25:15 მოიგო. შესაბამისად, საბოლოო გამარჯვებაც მასპინძლებს დარჩათ – 88:80.
გიორგი შერმადინმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის დიდი ყურადღება მის განეიტრალებაზე იყო გადატანილი, გიომ ორმაგი დუბლის შესრულება მაინც მოახერხა: 31 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა მოაგროვა, რასაც 2-2 შედეგიანი გადაცემა-დაფარება მიამატა. მარგი ქმედების კოეფიციენტით შერმადინი ორივე გუნდში საუკეთესო იყო – 25.
ამ გუნდებს შორის პლეი ინის გამარჯვებული  გამოვლინდება მესამე მატჩში, რომელიც ტენერიფეში 20 იანვარს გაიმართება.