გიორგი ქვილითაიამ 2022 წლის პირველ შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა. კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში აპოელი, სადაც ქვილითაიას გარდა, ნახევარმცველები თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი გამოდიან, სტუმრად ახნას „ეთნიკოსს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა – მეტოქის საჯარიმოში მცველს ზურგსუკან გაიხსნა და პარტნიორის ზუსტი პასის შემდეგ მასპინძლების მეკარეს შანსი არ დაუტოვა. სხვათა შორის, მან გოლი გასული წლის ბოლო შეხვედრაშიც გაიტანა. 28 წლის ფეხბურთელმა, რომელიც აპოელს სეზონის წინ შეუერთდა კვიპროსის ჩემპიონატში 12-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.
დაუშვილიც სასტარტო შემადგნელობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, ხოლო ოქრიაშვილი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. აპოელს ზედიზედ 10 თამაში (5 გამარჯვება, 5 ფრე) არ წაუგია და 23 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 პოზიციაზეა.
