შერმადინი მოედანს გამარჯვებით და MVP-ის ტიტულით დაუბრუნდა

0
51

სამკვირიანი შესვენების შემდეგ გიორგი შერმადინი მოედანს დაუბრუნდა. მას და კიდევ ოთხ ტენერიფელს კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდათ და 12 იანვრამდე გასამართი ყველა მატჩი გადაიდო. წლის პირველი შეხვედრა „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე გამართა – პლეი ინში თურქულ „კარშიაკას“ უმასპინძლა. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ – 76:69.
გადამწყვეტი შერმადინის მოქმედება აღმოჩნდა: საფინალო სირენამდე 1.5 წუთით ადრე მან მეტოქის კალათიდან მოხსნილი ბურთი უკან ჩააბრუნა და თანაგუნდელები 73:69 დააწინაურა. 27 წამით ადრე კი კარგი ბლოკით სატყორცნ პოზიციაზე დატოვა სასუ სალინი რომელმაც სამქულიანით შვიდქულიანი უპირატესობა დააფიქსირა, რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.
შერმადინმა 31 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, თითო პასი-დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 21 ბალიანი სარგებლიანობის კოეფიციენტით ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე – MVP გახდა. მარსელინიო უერტასმა ორმაგი დუბლი შეასრულა: 18 ქულა, 10 პასი.
ამ მოგებით „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. „კარშიაკასთან“ განმეორებითი შეხვედრა 18 იანვარს თურქეთში გაიმართება. შერმადინის თანაგუნდელები ჯგუფში ექვსბურთიანი სხვაობით წაგების შემთხვევაშიც მოხვდებიან.