„რეალმა“ მე-100 „ელ კლასიკო“ მოიგო და სუპერთასის ფინალშია

0
50

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში გავიდა. საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართულ ნახევარფინალში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდმა „ელ კლასიკოში“ „ბარსელონა“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
შეხვედრის 25-ე წუთზე მადრიდელები ვინისიუს ჟუნიორმა დააწინაურა, რომელმაც ქარიმ ბენზემას საგოლე პასი გამოიყენა. 41-ე წუთზე ლუკ დე იონგმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 72-ე წუთზე „რეალი“ ქარიმ ბენზემამ დააწინაურა. 83-ე წუთზე ანგარიში ანსუ ფატიმ გაათანაბრა, რომელმაც ნოემბრის შემდეგ „ბარსელონაში“ პირველად ითამაშა. რადგან 90 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, დამატებითი დრო დაინიშნა და 98-ე წუთზე „ბარსელონას“ კარი ვალვერდემ აიღო. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „ბარსა“ ბოლო 7 თამაშში პირველად დამარცხდა.
„რეალმა“ „ბარსელონას“ ზედიზედ მეხუთედ მიუგო – მსგავსი რა ამ გუნდების დაპირისპირების ისტორიაში მეორედ მოხდა. კატალონიელებს „ელ კლასიკოში“ თითქმის სამი წელიწადია არ გაუმარჯვიათ. გარდა ამისა, მადრიდელებმა „ბარსა“ მეასედ დაამარცხეს, ხოლო კატალონიელებმა „ელ კლასიკოშში“ 96-ჯერ გაიმარჯვეს – 52 მატჩი ფრედ დასრულდა.
ბენზემამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 23 გოლი გაიტანა და ტოპ-5 ლიგაში „ლივერპულის“ ფრანგ ფორვარდ მოჰამედ სალაჰს გაუტოლდა – ლიდერი „ბაიერნის“ პოლონელი ფორვარდი ლევანდოვსკია 31 ბურთით.
ბენზემამ „ელ კლასიკოში“ 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. ის ლიონელ მესის შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ნახსენები მაჩვენებლებით ორნიშნა ნიშნულს მიაღწია – არგენტინელის ანგარიშზე 26 ბურთი და 14 საგოლე გადაცემაა.
„ბარსელონას“ ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა. მან კატალონიელთა მაისურით 394-ჯერ ითამაშა. ამასთანავე, ის „ელ კლასიკოს“ ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. ალვეშმა სუპერთასის ნახევარფინალში 38 წლის და 251 დღისამ ითამაშა – „ბარსას“ ყოფილი მეკარის პინტოს (38 წელი და 159 დღე) რეკორდი გააუმჯობესა.
სუპერთასის ნახევარფინალის მეორე მატჩი დღეს შედგება მადრიდის „ატლეტიკოს“ და ბილბაოს „ატლეტიკს“ შორის, ხოლო ფინალი 16 იანვარს ჩატარდება.

ლაშა თაბაგარი