“ჩელსის” საახალწლო ქამბექი “ლივერპულთან”

0
43

ინგლისის პრემიერ ლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის “ჩელსიმ” “ლივერპული” მიიღო და გუნდმა ქულები გაიყვეს – 2:2. მე-9 წუთზე ანგარიში სადიო მანემ გახსნა, ხოლო 26-ეზე მოჰამედ სალაჰმა სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა. 42-ე წუთზე ერთი ბურთი დარკო კოვაჩევიმა გაქვითა, პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე კი, თავი კრისტიან პულიშიჩმა გამოიჩინა.
ეგვიპტელმა სალაჰმა მიმდინარე სეზონში თავისი მე-16 გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგაში მომბარდირთა დავაში ლიდერობს. ასევე მან 9 საგოლე პასი გააკეთა. ის ზედიზედ მე-5 სეზონია გოლი+პასი სისტემით 25 ან მეტ ქულას აგროვებს. მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი პორტუგალიელი დიოგო ჟოტაა – 10 ბურთით, ხოლო მესამეზე “ლესტერის” ფორვარდი ჯეიმი ვარდი, რომელმაც მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.
სადიო მანემ 29 ნოემბრის შემდეგ “ლივერპულის” მაისურით ყველა ტურნირში პირველი გოლი გაიტანა და 9-მატჩიანი “მშრალი” სერია შეწყვიტა. სენეგალელმა თამაშის მე-15 წამზე იდაყვი მეტოქის მცველ სესარ ასპილიკუეტას ჩაარტყა და ყვითელი ბარათი მიიღო. 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ ეს პრემიერ ლიგაში ნაჩვენები ყველაზე სწრაფი “ყვითელია”.
“ლივერპულმა” პრემიერ ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო, ხოლო “ჩელსიმ” ბოლო 6 შეხვედრიდან 4-ჯერ გაიმარჯვა და 2 ფრედ დაასრულა. “ჩელსი” 43 ქულით მეორე ადგილზე და ლიდერ “მანჩესტერ სიტის” 10 ქულით ჩამორჩება, ხოლო “ლივერპული” 42 ქულით მესამე პოზიციაზეა.