„ბარსელონას“ ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 21 წელიწადში

0
50

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში „ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ 1/8-ფინალში გასასვლელად გაამრჯვება სჭირდებოდა, 0:3 დამარცხდა. მასპინძლებიდან 34-ე წუთზე ანგარიში თომას მიულერმა გახსნა, 43-ე წუთზე ლეროი სანეს შორეული დარტყმის შემდეგ ტერ შტეგენი არადამაჯერებელი იყო და მიუნხენელები კიდევ უფრო დაწინაურდნენ. 62-ე წუთზე მუსიალამ სტუმრები კიდევ ერთხელ დაამწუხრა. მიულერმა „ბარსელონას“ კარში კარიერის განმავლობაში 8 ბურთი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში თავი 50 გოლს მოუყარა. ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის გერმანელი ფორვარდი ფრანგს ტიერი ანრისთან მე-7 ადგილს იყოფს. „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ექვსივე თამაში მეორედ მოიგო.
გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურად გამართულ შეხვედრაში ლისაბონის „ბენფიკამ“ შინ კიევის „დინამო“ 2:0 დაამარცხა, პორტუგალიელებმა 8 ქულით F ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და პლეი-ოფში ითამაშებენ. „ბარსელონა“ 7 ქულით ასპარეზობას ევროპა ლიგაში გააგრძელებს. კატალონიელები 2000-2001 წლების სეზონის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან ვერ გავიდნენ. მაშინ, „ბარსელონა“ იტალიურ „მილანსა“ და ინგლისურ „ლიდსს“ ჩამორჩა. არადა, „ბარსელონა“ ნახსენები ტურნირის პლეი-ოფში ზედიზედ 17-ჯერ გასულა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ „რეალს“ ჩამორჩება, რომელმაც ეს 25-ჯერ მოახერხა.