ჩაკვეტაძეს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

0
29

ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა „გენტის“ ნახევარმცველი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და 2000 ევროს გადახდა დააკისრა.

ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში „გენტი“ სტუმრად „ანტვერპენთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი 33-ე წუთზე პეტერ გერკენსთან უხეშობისთვის გააძევეს.

მართალია, ჩაკვეტაძეს მეტოქისთვის ფეხი უკნიდან განძრახ არ ჩაურტყამს, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტმა სხვაგვარად მიიჩნია.

„მართალია, ჩაკვეტაძე არ აპირებდა თავისი მეტოქისთვის ჩაერტყა, მაგრამ ამ ფაქტმა უდავოდ მისი ფიზიკური მდგომარეობა საფრთხის ქვეშ დააყენა“ – ნათქვამია სადისციპლინო კომიტეტის განცხადებაში.

„გენტს“ ჩაკვეტაძის დისკვალიფიკაციის გასაჩივრების უფლება აქვს.

ჩაკვეტაძემ კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო. მან „გენტში“ 75-ჯერ ითამაშა და მანამდე, ყვითელი ბარათი 5-ჯერ აჩვენეს.

22 წლის ნახევარმცველმა თბილისის „დინამოში“ 28-ჯერ იასპარეზა და 2-ჯერ „გააყვითლეს“.

საქართველოს ნაკრებში ჩაკვეტაძემ 12 მატჩი ჩაატარა და არ გაუფრთხილებიათ.