„ტოტენჰემმა“ არგენტინის ნაკრების მცველი შეიძინა

0
10

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ბერგამოს „ატალანტადან“ ცენტრალური მცველი კრისტიან რომერო შეიძინა, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება.

23 წლის არგენტინელმა ლონდონელებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა, ხოლო მის სანაცვლოდ ლონდონელებმა 42 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.

აღსანიშნავია, რომ რომერო „ატალანტაში“ „იუვენტუსმა“ გაანათხოვრა და ბერგამოელებმა მისი კონტრაქტი 16 მილიონ ევროდ გამოისყიდეს, ხოლო შემდეგ ფეხბურთელი „ტოტენჰემს“ მიყიდეს.

სამხრეთ ამერიკელმა გასულ სეზონში „ატალანტაში“ ჩატარებულ 31 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ის სერია A-ს სეზონის მცველად დაასახელეს.

რომეროს არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მიმდინარე წელს ჰქონდა და 5 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

მან არგენტინელებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო.