საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში დღეს ევროჩელენჯერს იწყებს

0
22

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრა, სადაც  კონტინენტის უძლიერესი დივიზიონის ერთ-ერთ ჩელენჯერში მიიღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, კოვიდ-პანდემიის გამო ფიბა-მ ევროპის A და B დივიზიონებში ჩემპიონატების ჩატარება გააუქმა და მცირეგუნდიანი ჩელენჯერების ჩატარების რეკომენდაცია გასცა. საქართველოს დედაქალაქმა 20-25 ივლისს 20-წლამდელთა ერთ-ერთ ჩელენჯერს უმასპინძლა, ხოლო საქართველოს სხვა ასაკობრივ ნაკრებებს სხვა ქვეყნებში უწევთ ანალოგიურ ტურნირში მონაწილეობა.

ისევე როგორც 20-წლამდელებში, საქართველო 18-ებშიც ძლიერ დივიზიონშია. უძლიერესი 18 ნაკრები 3-ად გაიყო და ისრაელში, თურქეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში თამაშობენ ჩელენჯერებს. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ჯგუფში მოხვდა ამ ქვეყნის, ესპანეთის, სერბეთის, გერმანიის და ხორვატიის ნაკრებებთან ერთად. ჩვენმა ნაკრებმა შეკრება თბილისსა და ხაშურში გაიარა, რის შემდეგაც გეზი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიესკენ აიღო და დღეიდან, 3 აგვისტოდან ჩელენჯერში ჩაებმება, რომლის ეგიდითაც 5 მატჩს გამართავს.

სკოპიეში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ დავით როგავას შევეხმიანეთ, რომელმაც ჩვენი გუნდისა და კარსმომდგარი ჩელენჯერის შესახებ შემდეგი კომენტარები გააკეთა:

“კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე სამწუხაროდ ვერ ჩავატარეთ სრული კემპი და ამხანაგური თამაშები, რომლებიც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით გავიარეთ 3-კვირიანი შეკრება ტურნირამდე.

ამ შეკრებაზე ბევრ ტაქტიკური და ტექნიკური დეტალი გავიარეთ. ასევე ფიზიკური მომზადების კუთხითაც ამ მოკლე პერიოდში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, რის გამოც მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი ფიზ-მომზადების მწვრთნელს. სამწუხაროდ ვერ ჩავატარეთ ვერცერთი ამხანაგური თამაში და ვფიქრობ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.

რა თქმა უნდა, მოსამზადებელ პერიოდში იყო ბევრი ტრავმა, რის გამოც გამოგვაკლდნენ მოთამაშეები, სამწუხაროდ ასევე რეგულაციების გამო გამოგვაკლდა რამდენიმე კალათბურთელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მზადაა, ნებისმიერ მეტოქესთან თავის მაქსიმუმი გააკეთოს.

ჩრდილოეთ მაკედონიაში პირობები ნორმალურია, უკვე ყველა გუნდი ჩამოვიდა და ყველანი მზადების პროცესში ვართ.

ჩვენი ხუთივე მეტოქე საკმაოდ ძლიერია. 2 წლის წინ ამ გუნდებმა 16 წლამდელებში A დივიზიონის ტოპ 10-ში დაამთავრეს ჩემპიონატი. ყოველთვის სასიხარულოა, როცა ესეთ გუნდებთან გიწევს თამაში. დიდი გამოცდილებაა მოთამაშეებისთვის და მწვრთენელბისთვისაც. გუნდების შესწავლის შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის ყველა გუნდი საუკეთესო და ოპტიმალური შემადგენლობითაა ჩამოსული, რაც ყველაფერს უფრო საინტერესოს ხდის.

ამ თამაშებში ჩვენი მიზანი იქნება, რომ მაქსიმალურად ვაჩვენოთ ჩვენი დადებითი მხარეები და ბრძოლისუნარიანობა, რასაც ქართველ გულშემატკივარს ვპირდებით. ნაწილობრივ ეს არის მზადება მომავალი 18-წლამდელთა ევრობასკეტისთვის, რათა კარგად გავიცნოთ მოთამაშეები”.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი

3 აგვისტო, 17:00
საქართველო – ესპანეთი
4 აგვისტო, 23:00
ჩრდ. მაკედონია – საქართველო
5 აგვისტო, 20:00
საქართველო – სერბეთი
7 აგვიტო, 17:00
გერმანია – საქართველო
8 აგვისტო, 17:00
საქართველო – ხორვატია
*მითითებულია თბილისის დროები