თბილისის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში ევროთასებზე გამოსვლა დაასრულა.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი კახა ცხადაძის გაწვრთნილმა გუნდმა შინ ჰაიფას „მაკაბისთან“ 1:2 წააგო, ხოლო ისრაელში ჩატარებულ საპასუხო შეხვედრაში ისევ დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
„ჰაიფა“ ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და ატცილს შეეძლო გატანა, რომლის „მოჭრილი“ დარტყმული კარს მცირე მანძილით აცდა.
მე-17 წუთზე ჩერის გადაცემის შემდეგ, „დინამოს“ მცველმა ბენიომ და კარიდან გამოსულმა ომარ მიგინეიშვილმა შეუთანხმებლად ითამაშეს, ლევიმ კი ანგარიში გახსნა.
24-ე წუთზე, მასპინძელთა მცველმა თავის ნახევარდინა პასი გააკეთა და ბურთი სერბ ზორან მარუშიჩს „ჩააბარა“, რომელმაც ზუსტი გადაცემით მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ ბარნ ოსეი დატოვა, ხოლო განელმა ანგარიში გაათანაბრა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, ნოდარ ქავთარაძემ ებრაელთა საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი მარუშიჩი მოძებნა, რომელმაც გოლი გატანი საუცხოო შანსი ხელიდან გაუშვა.
37-ე წუთზე, ატცილმა კუთხური ჩააწოდა და პლანიჩის თავურის შემდეგ ბურთი ბენიოს მოხვდა და კარში წავიდა, მაგრამ მიგინეიშვილმა მოიგერია, თუმცა საბოლოოდ სპორკსლედეს შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა.
38-ე წუთზე, ტრავმირებული ხარაბაძე მორჩილაძემ შეცვალა, რომელმაც მოედანზე შესვლისთანავე თავის ნახევარზე ბურთი დაკარგა და ებრაელები კიდევ უფრო დაწინაურდებოდნენ, მიგინეიშვილს რომ არ ეყოჩაღა.
75-ე წუთზე, ჰაიფელთა მეკარემ თამაშში შეიყვანა ბურთი, რომელიც მცველმა საბა ხვადაგიანმა რატომღაც გაატარა, ხოლო თბილისელთა საჯარიმოში შეჭრილი დავიდის დარტყმული მიგინეიშვილმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ატცილმა გაიტანა.
81-ე წუთზე, აშკენაზიმ ბურთი თბილისელთა საჯარიმოს ხაზთან მიიღო და შორეულ კუთხეში „მოჭრა“ – 4:1.
ოთხ წუთში იმავე აშკენაზიმ დავიდის პასის შემდეგ თბილისელთა მცველებს დაასწრო და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა – 5:1.
გამორიცხული არაა, ამ მარცხის შემდეგ კახა ცხადაძემ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვოს.
„მაკაბი“ (ჰაიფა, ისრაელი) – „დინამო“ (თბილისი) 5:1 (2:1)
29 ივლისი. ჰაიფა. სამი ოფერის სახელობის სტადიონი.
„მაკაბი“: კოენი, ატცილი, ჩერი (კ) (საჰარი, 65), დაჰანი, დონუოჰი (დავიდი, 65), ჰაზიზა, ლევი, მეირი, მენაჰემი, პლანიჩი, როდრიგესი.
მთავარი მწვრთნელი: ბარაკ ბაჰარი.
„დინამო“ (თბ): მიგინეიშვილი, ბენიო, პაპავა (კ), ხარაბაძე (მორჩილაძე, 38), სპორკსლედე, ხვადაგიანი, მექვაბიშვილი, ოსეი, რადინი (ქარდავა, 52), ქავთარაძე, მარუშიჩი (გაბედავა, 52).
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.
გოლები: 1:0 ლევი (17), 1:1 ოსეი (24), 2:1 სპორკსლედე (37, საკ.კარში), 3:1 ატცილი (75), 4:1 აშკენაზი (81), 5:1 აშკენაზი (85)
გაფრთხილება: პაპავა (21), ქავთარაძე (31), მეირი (40), იაშვილი (81), კუცია (87)
მთავარი მსაჯი: ამინე კოურგელი (ბელარუსი)