თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის აზრით. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას „მაკაბისთან“ საპასუხო მატჩში აგრესიულად უნდა ითამაშოს და ინდივიდუალური შეცდომები მაქსიმალურად გამორიცხოს.
მან ამის შესახებ ისრაელში 29 ივლისს გასამართ შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
კახა ცხადაძე: „პირველ ყოვლისა „მაკაბის“ სუპერთასის მოგებას ვულოცავ. რა თქმა უნდა, „მაკაბი“ პირველი მატჩის შემდეგ კომფორტულ მდგომარეობაშია, რადგან თბილისში მოიგო თუმცა, მიმაჩნია, რომ დაცვაში თუ საიმედოდ ვითამაშებთ და შანსები, რომელიც მოგვეცემა, მაქსიმალურად გამოვიყენებთ, ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. არაფერი დამთავრებულა.
მომავალი მატჩი „დინამოსთვის“ კიდევ ერთი შანსია, რომ კარგად ითამაშოს და დადებითი შედეგი აჩვენოს. უნდა ვაღიაროთ, რომ თბილისში პირველი ტაიმი ჩავაგდეთ. მეორე ტაიმმა კი აჩვენა, რომ როცა აგრესიულად და თავდაჯერებულად ვთამაშობთ, შეგვიძლია კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ.
უნდა ვეცადოთ სწორედ ისე ვითამაშოთ, როგორც მეორე ტაიმში, აგრესიულად და „მაღლა“. უნდა გამოვრიცხოთ ის ინდივიდუალური შეცდომები, რის გამოც ბოლო მატჩებში გოლებს ვუშვებთ.
ცხადია, ერთი გოლიც საკმარისია დამატებითი დროისთვის, მაგრამ გვინდა, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ დაცვაშიც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.
„დინამო“ ადრინდელივით ძლიერი რატომ არაა? „დინამო“ დიდი ისტორიის გუნდია, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გარკვეული პრობლემები შეიქმნა, საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები სათამაშოდ ევროპაში მიდიან.
განსხვავება ისაა, რომ ახლა „დინამოში“ ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ, ხოლო მაშინ ეს იყო პრაქტიკულად საქართველოს ნაკრები და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობდა. ახლა კი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და ჩვეულებრივი კლუბია.
„მაკაბი“ ძლიერი გუნდია, ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. ძლიერი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს, დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს. ყველა გუნდს აქვს პლუს-მინუსები, ჩვენი მიზანია ის მინუსები კარგად გამოვიყენოთ, რაც დავინახეთ და გამოჩნდა. რამდენად გამოგვივა, ამას თამაში გვიჩვენებს.
ლადო დვალიშვილი და გოგა გახოკიძე ძალიან კარგი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ამ „დინამოშიც“ ძალიან კარგი პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც ხვალ და ზეგ, ისრაელის ჩემპიონატში თავისუფლად ითამაშებენ.
25 ათასი გულშემატკივარი ჩვენთვის პრობლემა იქნება? არა, იმაზე დიდი ბედნიერება არაა ფეხბურთელისთვის, როცა სავსე სტადიონზე თამაშობს. ორივე გუნდის ვალდებულებაა კარგი ფეხბურთი ითამაშოს, რადგან ფეხბურთი პირველ ყოვლის გულშემატკივრისაა. ჩვენ ვეცდებით დადებით შედეგს მივაღწიოთ და ძლიერმა გაიმარჯვოს.
„დინამოს“ კარგი აკადემია აქვს. 3 კვირის წინ 18 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, იგივე ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დღეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავია, ჩვენი აკადემიის აღზრდილია.
რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები ევროპაში წავიდნენ და მათ განვითარებაში ხელი შევუწყოთ“.
„მაკაბისა“ და „დინამოს“ მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ჰაიფელებმა პირველი შეხვედრა თბილისში 2:1 მოიგეს.