საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 8 სექტემბერს თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.
ამხანაგური თამაშის შესახებ კომენტარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა:„ჩვენთის ყველა სანაკრებო პაუზის გამოყენება მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ეროვნულმა ნაკრებმა რაც შეიძლება მეტი შეხვედრა ჩაატაროს და მწვრთნელმა ბევრ მოთამაშეს მისცეს თამაშის შანსი.
მოგეხსენებათ, რომ ბულგარეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრამდე ჩვენი გუნდი ორ ოფიციალურ მატჩს გამართავს. ამხანაგურ თამაშს კი, მთავარი მწვრთნელი იმ ფეხბურთელების სანახავად გამოიყენებს რომლებსაც ოფიციალურ მატჩებში ნაკლები დრო მიეცემათ.“
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 2 სექტემბერს ბათუმის სტადიონზე კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს კი, სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
2 სექტემბერი | 20:00
საქართველო – კოსოვო
5 სექტემბერი | 22:45
ესპანეთი – საქართველო
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
8 სექტემბერი | 20:30
ბულგარეთი – საქართველო