გიორგი ჯინჯოლავა: “ამ ეტაპზე მიზანი “კადისის” მთავარ გუნდში მოხვედრაა

0
23

გიორგი ჯინჯოლავა ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ “კადისში” ვარჯიშს შეუდგა და 21 წლის ფეხბურთელმა თბილისის “საბურთალოს” პრესსამსახურთან განაცხადა, რომ პირველ გუნდში დასამკვიდრებლად ყველაფერს გააკეთებს.

გიორგი ჯინჯოლავა: “პირველ ყოვლისა, კლუბის ბაზა დამათვალიერებინეს, რამაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კლუბის განკარგულებაში რამდენიმე მინდორია, როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნურსაფრიანი. ასევე, სატრენაჟორო დარბაზები, იდეალური გარემო. კადისი ზღვისპირა ქალაქია, ხალხიც განსხვავებულია – ბევრი თბილი და კეთილად განწყობილი ადამიანია”.

– ვარჯიშს როდიდან შეუდექით?
– ესპანეთში რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი. დღეს მეორე გუნდის შემადგენლობაში პირველად ვივარჯიშე. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული – როგორც წარმოვაჩენ თავს, ისეთ შედეგს მივიღებ. პირველ გუნდამდე ერთი ნაბიჯია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ადგილი დავიმკვიდრო ძირითადი გუნდის შემადგენლობაში.

 მთავარ მწვრთნელთან გექნებოდათ საუბარი …
– დიახ, გვქონდა ასეთი შეხვედრა. მითხრა, ვადევნებდი შენს თამაშებს თვალს. მიხარია, რომ ახლა ჩვენთან ხარ და აქ გააგრძელებ კარიერასო. გარკვეული დავალებებიც მივიღე მწვრთნელისგან, რომლის განხორციელებასაც შევეცდები.

– ესპანეთში “საბურთალოს” აკადემიის კიდევ ერთი აღზრდილია – გიორგი ქოჩორაშვილი. ხომ არ შეხვდით?
– შეხვედრა ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ, რადგან ქალაქებს შორის სხვაობა 100 კილომეტრია. თუმცა, ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. გუშინაც ვისაუბრეთ. გიორგი ესპანეთში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს და გარკვეული გამოცდილება უკვე დაუგროვდა. მისგან რჩევებს ვითვალისწინებ.

– ესპანეთში თქვენ ადრეც იყავით. ალბათ, ადაპტაცია არ გაგიჭირდებოდათ…
– 2 წლის წინ ვიყავი, მაშინ მცირე გამოცდილება მივიღე, რომელიც ახლა გამომადგა. ენის მხრივ, საფეხბურთო თემაზე როდესაც საუბრობენ, ბევრი რაღაცეები მესმის, სალაპარაკოს ნელ-ნელა ვსწავლობ.

– წლები “საბურთალოში” ასპარეზობდით. რთული არ იყო განშორება?
– ფეხბურთელის ცხოვრებაში ყოველთვის დგება მსგავსი ეტაპი. ახლა ასეა ჩემს შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არ იყო იოლი, მაგრამ… “საბურთალო” იყო, არის და იქნება ერთი დიდი ოჯახი. ფეხბურთელებთან ყველასთან ვმეგობრობ, ძალიან თბილად დავემშვიდობე. “საბურთალო” ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება.

– “საბურთალოში” ყველა ასაკობრივ გუნდში გითამაშიათ. რომელ მატჩებს გამოარჩევთ?
– ბავშვობის მატჩებს სხვა დატვირთვა და ემოციები აქვს. არასდროს დამავიწყდება უეფას ახალგაზრდული ლიგა, რომელიც 19-წლამდელთა შორის ტარდება-ხოლმე. ჩვენ პირველები ვიყავით, რომლებმაც ხსენებულ ტურნირზე ვითამაშეთ და ჯერჯერობით ერთადერთი კლუბი ვართ, რომლებმაც მოვახერხეთ პირველი ეტაპის დაძლევა.

2017 წელს მეორე ეტაპის გავლაც შეგვეძლო, მაგრამ… ისე გამოვარდით ტურნირიდან, თამაში არ წაგვიგია. სერბულ “ბროდარაცთან” მეორე ტურში სტუმრად 1:1 ვითამაშეთ, საკუთარ კედლებში კი 2:2.

არადა, ის ეტაპიც რომ გაგვევლო, “მანჩესტერ იუნაიტედს” ვხვდებოდით. პირველი ეტაპიც არ იყო იოლი, მაშინ თურქული “ბურსა” დავამარცხეთ დაძაბულ ბრძოლაში.
ასევე კარგად მახსენდება სადებიუტო შეხვედრა პირველი გუნდის შემადგენლობაში. არასდროს დამავიწყდება პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, ზაგრების “დინამოს” წინააღმდეგ. ზაგრებში თამაში ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ იმ თამაშმა დიდი გამოცდილება შემძინა.

– როგორია თქვენი მომავალი გეგმები?
– ამ ეტაპზე მიზანი ლა ლიგაში თამაში და “კადისის” მთავარ გუნდში მოხვედრაა. ვიცი მარტივი არ იქნება, ამისთვის ბევრი შრომა მომიწევს.

ის რომ “კადისში” ჩავირიცხე და ესპანეთში ვთამაშობ, დიდი დამსახურებაა ტარიელ ხეჩიკაშვილის, კახა კაშიასი, რომლებიც ყველანაირად გვერდში დამიდგნენ და მომცეს კიდევ უფრო განვითარების საშუალება.