თბილისის “დინამო” კონფერენს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ისრაელის ჰაიფას “მაკაბისთან” ჩაატარებს.
აღნიშნული გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი თბილისში 22 ივლისს გაიმართება და 20:30 დაიწყება.
ჰაიფას”მაკაბი” 1913 წელს დაარსდა და ისრაელის ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბია.
საშინაო მატჩებს “მაკაბი” მშობლიურ ქალაქში მდებარე სემი ოფერის სახელობის 30 000- იან სტადიონზე მართავს. კლუბი 1955 წლიდიან კირიატ ელიეზერის სტადიონზე ასპარეზობდა, ბოლო მატჩი კი ხსენებულ არენაზე 2014 წელს თელ ავიველ თანაკლუბელთან გამართა. ხაიფაელთა საკლუბო ფერებად თეთრი და მწვანე ითვლება.
ჰაიფას “მაკაბი” სპორტულ კლუბს წარმოადგენს, სადაც ფეხბურთის გარდა ასევე კალათბურთის, ცურვის, ძალოსნობის, ჩოგბურთის, ფრენბურთის, წყალბურთის, ჰოკეის, კრივის და ა.შ. სექციებია გაერთიანებული.
“მაკაბი” ისრაელის 13-გზის ჩემპიონია. პირველად ჰაიფას გუნდი 1983/84 სეზონის გამარჯვებული გახდა, წელს კი “მაკაბიმ” ათწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა ოქროს მედლები. ქვეყნის თასი გუნდმა 6-ჯერ (ბოლოს 2016 წელს) მოიპოვა. ტოტოს თასი მაქაბიმ 4- ჯერ (1994, 2003, 2006, 2008) აღმართა, ხოლო ისრაელის სუპერთასი 3-ჯერ (1962, 1985, 1989) მოიპოვა. “მაკაბიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ 2002/03 და 2009/10 წლებში იასპარეზა. ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი ჰაიფას გუნდმა ასევე ორჯერ 2011/12 და 2013/14 წლებში მოსინჯა ძალები.
2009-2010 წლების სეზონის “მაკაბი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდის ლადო დვალიშვილის წყალობით მოხდა. მაშინ, გუნდში მეორე მწვრთნელად გიორგი დარასელია მუშაობდა, რომელიც ამჟამად ბოლნისის “სიონს” წვრთნის. დვალიშვილი ჰაიფელთა ღირსებას 2012 წლამდე იცავდა.
შარშანდელი სეზონიდან გუნდს ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი – 41 წლის ბარაკ ბახარი წვრთნის. ჰაიფას კლუბში იგი “ჰაპოელ ბეერშევაში” გატარებული საკმაოდ წარმატებული ხუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მოხვდა.
ჯამში როგორც მწვრთნელს ბახარს 4 საჩემპიონო ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. საფეხბურთო კარიერა ბარაკ ბახარს ძირითადად კირიატ შმონას ირონში აქვს გატარებული, მანამდე კი ფეთაჰ ტიკვას ჰაპოელის ღირსებას იცავდა.
“მაკაბი” “დინამოს” მსგავსად კონფერენს ლიგაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ გადმოერთო. მაქაბი ალმათის “ქაირათს” შეხვდა და ხაიფაში გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა. ალმათიში ჩატარებული მატჩი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.