„დილა“ სტუმრად „ჟილინასთან“ განადგურდა

0
24

გორის „დილას“ დებიუტი უეფას მიერ დაფუძნებულ ახალ ტურნირ კონფერენს ლიგაში წარუმატებელი აღმოჩნდა.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გორელები სტუმრად სლოვაკეთის „ჟილინას“ დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.

მასპინძლები მატჩის დაწყებიდან მალე დაწინაურდნენ – მე-6 წუთზე „დილას“ კარი განელმა მცველმა ანანგმა აიღო.

25-ე წუთზე, სლოვაკები კიდევ უფრო დაწინაურდნენ – თავით დავიდ დურისმა გამოიჩინა და მასპინძლებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.

ამის შემდეგ, გოლის გატანა გორელებსაც შეეძლოთ – ორჯერ რეალური შანსი ხელიდან პაატა ღუდუშაურმა გაუშვა, ხოლო კამარას დარტყმის მერე ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

56-ე წუთზე, „ჟილინას“ სომეხმა ლეგიონერმა ბიჩახჩიანმა პენალტიდან თავისი გუნდის უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა – “პანენკათი” გაიტანა.

63-ე წუთზე დურიშმა გორელები კიდევ ერთხელ დაამწუხრა – 4:0.

81-ე წუთზე, შეცვლაზე შესული ჯიბრილის დარტყმის მერე ანგარიში კიდევ უფრო კატასტროფული გახდა – 5:0.

83-ე წუთზე, „დილამ“ პრესტიჟის გოლი გაიტანა – თავი ანდრო ნემსაძემ გამოიჩინა, რომელმაც შორი მანძილიდან უძლიერესად “გაისროლა” და ბურთი “ცხრიანში” მოათავსა. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც კონფერენს ლიგაში გოლი გაიტანა.

“დილა” საპასუხო შეხვედრა 15 ივლისს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.

 

„ჟილინა“ (სლოვაკეთი) – „დილა“ (გორი) 5:1 (2:0)

8 ივლისი. ჟილინა. სტადიონი „ჟილინა“.

„ჟილინა“: პეტრაში, პაური (კ) (ჯიბრილი, 57), ანანგი, ბიჩახჩიანი (ბერნატი, 57), დურიში (ჯამბორი, 81), ფაზლაგიჩი (მუსლოვიჩი, 66), გონო, კაპრალიკი (გოლიანი, 66), კივიორი, მინარიკი, რუსნაკი.

მთავარი მწვრთნელი: პავოლ სტანო

„დილა“: გუგეშაშვილი, მაისაშვილი (კ), მოსიაშვილი (ჩიტეიშვილი, 58), ბიძინაშვილი, ღუდუშაური, ალეფ სანტოსი, კამარა (ბუღრიძე, 66), ეტოუ, ნონდი, ვანდერსონი (ნემსაძე, 65), კაპანაძე (ზუბაკი, 76).

მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემცენკო (უკრაინა)

გოლები: 1:0 ანანგი (6), 2:0 დურიში (25), 3:0 ბიჩახჩიანი (56, პენ.), 4:0 დურიში (63), 5:0 ჯიბრილი (81), 5;1 ნემსაძე (83)

გაფრთხილება: კაპრალიკი (19), ალეფ სანტოსი (20), პაური (45+2), ეტოუ (54), გონო (90+1)

მთავარი მსაჯი: ფილიპ ფორუჯია (მალტა)