თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებელი სტარტი აიღო. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში კახა ცადაძის გაწვრთნილებმა აზერბაიჯანის ჩემპიონ ბაქოს „ნეფთჩის“ უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით წააგეს.
განვლილი შეხვდრა მათ რიცხვს მიეკუთვნება, როდესაც ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში მოედანზე განვითარებულ მოვლენებს რეალურად არ ასახავს.
„დინამოს“ ორი ტაიმის განმავლობაში სათამაშო უპირატესობა ჰქონდა და რომ არა ჯერ მეკარის, ხოლო შემდეგ მცველის შეცდომები, „ნეფთჩისთან“ მინიმუმა რ უნდა წაეგო.
მატჩის მე-8 წუთზესერბმა მილან რადინმა ფლანგიდან ოდნავ ცენტრისკენ შეიწია და დაახლოებით 23 მეტრიდან ძლიერად დაარტყა – ბურთი კარს გადაცდა. ოთხ წუთში მარჯვნიდან ბაქარ ქარდავას მწვავე გადაცემის მერე, მეტოქის კარის წინ მყოფი გიორგი გაბედავა ვარდნაში ბურთს ვერ მიწვდა.
მე-16 წუთზე, გიორგი კუციას კარგი პასის მერე, აზერბაიჯანელთა კარის წინ მდგომ სერბ ზორან მარუშიჩს ბურთი მკერდით კარგად რომ დაემუშავებინა, შესააძლოა საგოლე მომენტიც შეექმნა.
23-ე წუთზე, „ნეფთჩის“ პირველი შეტევის დროს, მარჯვენა ფლანგიდან ალაგაროვმა გიორგი პაპავასთან ორთაბრძოლის დროს კარში დაარტყა და მაღალი ტრაექტორიით წასული ბურთი გაუმართლებლად წინ გამოსულ როინ კვასხვაძეს თავს ზემოთ გადაცდა. ამ ეპიზოდში დინამოელთა კარის დარაჯი ძალიან უხეშად შეცდა.
28-ე წუთზე, ლევან ხარაბაძემ საჯარიმოს გარედან დაარტყა და „ნეფთჩის“ მეკარე მამადოვს ბურთი ხელებიდან გაუვარდა, მაგრამ გაბედავამ ვერ დაამატა.
ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში გაბედავამ შორი მანძილიდან „გაისროლა“ და მაამდოვმა ბურთი ცუდად მოიგერია, თუმცა, მის სიახლოვეს ქართველი ფეხბურთელებიდან არავინ აღმოჩნდა.
ცოტა ხანში, აზერბაიჯანელთა საჯარიმოში რადინმა ჩააწოდა და სტუმართა მცველმა ბურთი კინაღამ თავის კარში ჩაჭრა. ამას თბილისელთა კუთხური მოჰყვა და ახლო მანძილიდან საბა ხვადაგიანის თავურის მერე, მამადოვმა ბურთი მოიგერია.
მალე, „დინამომ“ ისევ შეუტია და მარცხნიდან ხარაბაძის ჩაწოდებულ ბურთს ბაქოელთა საჯარიმოში თავი კუციამ შეაგება – მამადოვმა ნახტომში გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.
34-ე წუთზე, ქარდავას შორეული ძლიერი დარტყმის მერე, ისევ აზერბაიჯანელთა მეკარემ იყოჩაღა.
36-ე წუთზე, მასპინძლების შეტევა ხარაბაძემ დაიწყო და ბურთი რადინს გადააწოდა, რომელმაც მარუშიჩს უპასა, ხოლო ამ უკანასკნელმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
ტაიმის მიწურულს „დინამომ“ კუთხური ჩააწოდა და ხარაბაძემ ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში დააბრუნა, სადაც ბენიო „მაკრატელას“ დარტყმას ეცადა, ხოლო საბოლოოდ კარის წინ მყოფმა გაბედავა, შეტევა გოლით ვერ დაასრულა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში ხარაბაძემ „ნეფთჩის“ საჯარიმოში კუცია მოძებნა, რომლის დარტყმის მერე მამადოვმა ბურთი კუთხურზე უკუაგდო.
56-ე წუთზე, მეტოქის გადაცემის მერე ხარაბაძემ თავის საჯარიმოში ბურთი ცუდად დაამუშავა და როდესაც მის მეორედ დაუფლებას შეეცადა, ემინ მაჰმუდოვი წააქცია.
არბიტრის მიერ დანიშნული პენალტი დაზარალებულმა შეასრულა და კვასხვაძე ბურთს დაეუფლა, თუმცა, ისრაელელმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი გაამეორა, რადგან ჩათვალა, რომ დარტყმის მომენტში ქართველ მეკარეს კარის ხაზზე არცერთი ფეხი ედგა. პენალტი ისევ მაჰმუდოვმა დაარტყა და ამჯერად გაიტანა.
დარჩენილ დროში „დინამო“ განუწყვეტლივ უტევდა, მაგრამ უშედეგოდ. 65-ე წუთზე, ხვადაგიანი „ნეფთჩის“ საჯარიმოში სოარეშთან ორთაბრძოლის დროს წაიქცა და მსაჯს შეეძლო სტუმარ ფეხბურთელზე წესის დარღვევა დაეფიქსირებინა, რაც არ გააკეთა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე, რადინმა მარცხნიდან კუთხური ჩააწოდა და ქარდავას თავურის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
„დინამო“ (თბილისი) – „ნეფთჩი“ (ბაქო) 1:2 (1:1)
7 ივლისი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
„დინამო“: კვასხვაძე, ქარდავა, რადინი, გაბედავა (ახვლედიანი, 68), ხარაბაძე (მორჩილაძე, 73), პაპავა (კ), ბენიო, კუცია (ქავთარაძე, 68), სპორსკლედე (ოსეი, 85), ხვადაგიანი, მარუჩიში,
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
„ნეფთჩი“: მამადოვი, მბოჯი, სტანკოვიჩი, ბუგრინი (აბასოვი, 90), კოლი (ნასაფოვი, 88), ჩელიკი, კანე, ლავალი (ბულუდოვი, 86), მაჰმუდოვი (კ), სოარეში, ალასგაროვი
მთავარი მწვრთნელი: სამირ აბასოვი
გოლები: 0:1 ალაგაროვი (23), 1:1 მარუშიჩი (36), 1:2 მაჰმუდოვი (57)
გაფრთხილება: ლავალი (77), ქარდავა (84)
მთავარი მსაჯი: დავით ფუქსმანი (ისრაელი)





