ბაქოს „ნეფთჩის“ მთავარ მწვრთნელ სამირ აბასოვს მიაჩნა, რომ „დინამო არენაზე“ დაფიქსირებული ანგარიში არაფერს წყვეტს და ყველაფერი საპასუხო მატჩში გაირკვევა.
მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისში „დინამოსთან“ 2:1 გამარჯვების შემდეგ გაანცხადა.
სამირ აბასოვი: „დღევანდელი მატჩი ისეთივე დაძაბული აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით. ეს ანგარიში არაფერს წყვეტს, გამარჯვებული მეორე მატჩი გამოავლენს. უთამაშებლობა დაგვეტყო, ბოლოს ჩემი ფეხბურთელები დაიღალნენ.
ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ მხოლოდ საკუთარ დონეს არ დაყრდნობოდნენ, არამედ საჭირო იყო ხასიათის ჩვენება, ბოლომდე დაიხარჯნენ. ჩემი დავალებები შეასრულეს, ვაჟკაცურად იბრძოლეს და იმ მიზანს მივაღწიეთ, რისთვისაც ჩამოვედით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი მეტოქე კარგი, სათანადოდ მომზადებული გუნდია და მთავარი მიზანი ბაქოში გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლაა.
ბაქოში ასე არ უნდა ვითამაშოთ. შინ უფრო მეტად ვეცდებით ბურთის დაჭერას, მეტად შეტევას. მომდევნო კვირაში აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.
გოლის გაშვების შემდეგ ჩვენი დაცვა დაიბნა, ქაოსი იყო, სივრცეებს ვერ კეტავდნენ. მეორე ნახევარში კი ყველაფერი გამოვასწორეთ.
“დინამოს” ყველა ფეხბურთელი დეტალურად გვყავდა შესწავლილი, ვიცოდით ვის რა შეეძლო და მათ შეჩერებას ვახერხებდით, მაგრამ შეცვლების შემდეგ გაგვიჭირდა, რადგან ჩვენ შესაბამისი რესურსი არ გვყავს, ეს ტრანსფერების პრობლემაა, ვერ გადმოვიყვანეთ სააჭირო ფეხბურთელები.
დაძაბულობა გუნდში თამაშამდეც იყო, ვფიქრობ ეს დაძაბულობა დღევანდელი მატჩის შემდეგ უფრო გაიზარდა და იქამდე გასტანს, სანამ საპასუხო შეხვედრა არ დამთავრდება”.
“ნეფთჩი” ბაქოში “დინამოს” 14 ივლისს უმასპინძლებს.





