კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ თავკაცად დაბრუნდა

0
42

კახა ჩხეტიანი ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ოფიციალურად დაბრუნდა.

მიხეილ აშვეთიას გუნდიდან წასვლის მერე, ქუთაისელთა თავკაცი მოვალეობას შოთა ბაბუნაშვილი ასრულებდა.

ჩხეტიანი ბოლო პერიოდში „ტორპედოს“ თამაშებს ესწრებოდა და მოედანზე მიმდინარე მოვლენებს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა.

ამჯერად, ის უშუალოდ ჩაერთო საწვრთნელ პროცესში და გუნდი ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ქუთაისში დღეს ბათუმის „დინამოსთან“ გასამართი შეხვედრისთვის მოამზადა.

„კახა ჩხეტიანი უკვე ოფიციალურად ტორპედოელია. დღეს მან კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა. კახა ჩხეტიანი წლების შემდეგ მის პირველ ოფიციალურ მატჩს „ტორპედოსთან“ ერთად დღეს ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს. დამატებით დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ” – წერია ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალურ განცხადებაში.

ჩხეტიანი „ტორპედოს“ 2016 წლის სექტემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე ავარჯიშებდა.

მან გუნდს 2017 წელს საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა, 2016 და 2018 წლებში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოაპოვებინა, ხოლო 2018 და 2019 წლებში საქართველოს სუპერთასი ააღებინა.

ის „ტორპედოს“ ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელი, ვინც გუნდს სამივე ტიტული მოაგებინა.

ჩხეტიანი ბოლოს თბილისის „დინამოს“ ავარჯიშებდა – 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის აგვისტომდე.

აქვე გეტყვით, რომ აშვეთია წყალტუბოს „სამგურალში“ მთავარი მწვრთნელის სოსო ფრუიძის თანაშემწედ დაინიშნა.