ბათუმელებმა ქულები ქუთაისში დაკარგეს – ჩხეტიანის პირველი მატჩი დაბრუნების მერე

0
34

ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ქულები ქუთაისში ადგილობრივ „ტორპედოსთან“ მატჩში დაკარგა, რომელსაც მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაუბრუნდა.

ბათუმელებმა პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგეს და თითქოს სამი ქულა უპრობლემოდ უნდა აეღოთ, მაგრამ ქუთაისელებმა ბოლომდე იბრძოლეს, რის წყალობით, ქულა დამსახურებულად აიღეს.

მატჩში ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა, როდესაც შეტევის მარჯვენა ფლანგზე თორნიკე გაფრინდაშვილი მეურვეს გაცდა და პასი საჯარიმოში გააკეთა, სადაც ბურთს მიმართულება ავსტრიელმა გროცურეკმა შეუცვალა, ხოლო კარი წინ მყოფმა გიორგი ფანცულაიამ ზუსტად დაარტყა – 0:1.

ფანცულაიან მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში მე-9 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში გალიდერდა.

34-ე წუთზე, ბათუმელთა მორიგი შეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გროცურეკმა გადაცემა კარის გასწვრივ გააკეთა და ბურთი ჯერ მასპინძელთა მცველ თედორე გრიგალაშვილს შეეხო, შემდეგ კი კარში აღმოჩნდა – 0:2.

შესვენების შემდეგ თამაშში ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი ჩაერთო, რომელმაც 2020-2021 წლების სეზონის მეორე ნახევარი რუსეთის პრემიერ ლიგიდან გავარდნილ ვოლგოგრადის „როტორში“ გაატარა და ახლა ისევ ბათუმში დაბრუნდა.

მეორე ტაიმში „ტორპედო“ გააქტიურდა და ამან თავისი შედეგი მოიტანა. 64-ე წუთზე, პალესტინელი ფადი ზიდანი „დინამოს“ საჯარიმოში მალხაზ გაგოშიძეს გასცდა, რის შემდეგ, ბათუმელთა მცველმა წააქცია. მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც ოლეგ მამასახლისმა გამოიყენა – 1:2.

გატანილი გოლიდან სამ წუთში, ზიდანმა გაგოშიძეს გაექცა და საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:2.